„პოჩეტინოს ჩელსიში უნდა, ტოტენჰემი ძირითადში მოიაზრებს...“
გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება. მორიგი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ქართველი მეკარის მიმართ ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბებიდან დიდი ინტერესია, რომლის შესახებაც ესპანური eldesmarque და ინგლისური Sportskeeeda წერს.
„მამარდაშვილის მიმართ ინტერესს პოჩეტინო იჩენს. ჩელსის ორმა მეკარემ გასული სეზონი არადამაჯერებლად ჩაატარა და მიზეზიც სწორედ ესაა. მამარდაშვილის მიმართ ინტერესი იმატებს და ვალენსიაში ქართველის დრო იწურება. ჩელსიმ უნდა იჩქაროს, რადგან მისი აგენტი ტრანსფერზე უკვე თვეებია მუშაობს და შემოთავაზებებს განიხილავს.
მამარდაშვილის შესახებ აქამდე ფაბრიციო რომანომაც დაწერა, როცა აღნიშნა, რომ ჩელსიმ მის დასაკვირვებლად ვალენსიაში წარმომადგენლები გაგზავნა.
ქართველის მიმართ პრემიერ ლიგის დიდი ექვსეულია დაინტერესებული. ასევე მამარდაშვილს აკვირდება ნიუკასლი, ბრაიტონი და ასტონ ვილაც. ტოტენჰემი კი მას სასტარტოში ადგილს სთავაზობს. უგო ლორისი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.
ასტონ ვილა ემი მარტინესის გაყიდვას გეგმავს და თუ ეს მოხდა, მამარდაშვილი მათთვის მნიშვნელოვანი ვარიანტი იქნება.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვალენსია მამარდაშვილის გასაყიდად ემზადება, რომელიც შეიძლება მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაყიდვადი აქტივი იყოს. მისი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში და გამოსასყიდი 100 მილიონია, თუმცა ინგლისური პრესის ცნობით, ტრანსფერი სავარაუდოდ უფრო ნაკლებ ფასშიც განხორციელდება.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილის მიმართ ინტერესს ვილიარეალი, ატლეტიკო და პორტუც იჩენენ“.
- წერს ესპანური eldesmarque.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს მამარდაშვილის მიმართ ინტერესი „სევილიამ“ გამოიჩინა და მას აქტიურადაც აკვირდება, თუმცა ამდენი ვარიანტის არსებობიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „მამარდა“ „ვალენსიას“ მოსისხლე მტრის ბანაკში გადაბარგდეს.