კასადეის რეკორდი და იტალიის პირველი ფინალი | აძურინიმ პაფუნდის მაგარი გოლით მოიგო
არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური წყვილი გაირკვა. ურუგვაის ისრაელთან გამარჯვების შემდეგ, იტალიის ნაკრებმა ჯერ კიდევ მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სამხრეთ კორეის გუნდს რთულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე მოუგო.
მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა. ჩეზარე კასადეიმ ტურნირზე მე-7 გოლი შეაგდო და ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. „ჩელსის“ საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველს ფიფა-ს ტურნირებზე (ერთ კონკრეტულ გათამაშებაში) იტალიელთაგან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - პაოლო როსისა და „ტოტო“ სკილაჩის გადაასწრო.
Chelsea’s Cesare Casadei has scored 7 goals in 6 games from MIDFIELD for the Azzurrini ????????????
— Italian Football TV (@IFTVofficial) June 8, 2023
He’s been unstoppable in this World Cup tournament ???? pic.twitter.com/Ut8nvWHC18
აზიელებმა მალევე გაათანაბრეს - აუტის შემდეგ იტალიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რასაც პენალტი და ლი სეუნ-უონისგან მისი რეალიზება მოჰყვა. ამის შემდეგ გახსნილი თამაში წავიდა და გუნდებს რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. უფრო მეტად იტალიელები აქტიურობდნენ, თუმცა ბოლო წუთებამდე გოლი აღარ გასულა.
86-ე წუთზე, აპენინელებმა სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან „უდინეზეს“ 17 წლის შემტევი, სიმონე პაფუნდი მივიდა, ულამაზესი გოლი შეაგდო და იტალიის ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიოს ფინალში პირველად გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფინალისტმა პლეი-ოფის ეტაპი ისე გაიარა, ყველა მატჩი ძირითად დროში მოიგო. „სელესტემ“ გამბია, აშშ და ისრაელი დაამარცხა; „აძურინიმ“ კი - ინგლისი, კოლომბია და სამხრეთ კორეა. ისიც საინტერესოა, რომ ფრე არც ერთს უთამაშია, უშუალოდ ურუგვაელებს კი 6-დან 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ.
11 ივნისი. 21:30. მე-3 ადგილისთვის. ისრაელი - სამხრეთ კორეა
12 ივნისი. 01:00. ფინალი. ურუგვაი - იტალია