ქეცბაია: „საქართველოსთან უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა“
კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საკუთარ შეგირდებს მიმართა. კვიპროსის ეროვნული გუნდი საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საკუთარ კედლებში ჩაატარებს და ქეცბაიას თქმით, მისმა გუნდმა უნდა აჩვენოს, რომ შედეგების დადება შეუძლია.
„ბიჭებო, თქვენი ძალიან კარგად მესმის. რთული სეზონის შემდეგ, ყველას დასვენება გვინდა და ამდენი მატჩის გამართვა სახალისო არაა, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეროვნული გუნდი ყველას ძალიან გვიყვარს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ერთად ვიქნებით და მატჩები ძალიან კარგი გუნდების წინააღმდეგ გველის. უნდა ვაჩვენოთ, რომ შედეგების მიღწევა შეგვიძლია. საკუთარ კედლებში გასამართ პირველ შეხვედრაში, საქართველოსთან, უნდა ვაჩვენოთ, რომ გამარჯვება გვინდა. მარტივი ჯგუფი არ გვყავს, მაგრამ თამაშებისას და ვარჯიშებისას კონცენტრაციაა საჭირო და შედეგებსაც მივაღწევთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. 17 ივნისს, „ჯვაროსნები“ კვიპროსს დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. 3 დღის შემდეგ, ჩვენი მეტოქე შოტლანდია იქნება და შეხვედრა იმავე დროს დაიწყება.