სეხუდო მერაბზე: „სტერლინგის შეყვარებულს დავამარცხებ და შემდეგ ქამარს დავიბრუნებ“
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ტრიპელ სიმ“ ინტერვიუ The Schmo-ს მისცა და „მანქანას“ ალჯამეინ სტერლინგის შეყვარებული უწოდა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილი იქნება. მინდა, ოქტომბრის ბოლოსკენ ვიჩხუბოთ, მაგრამ თუ მერაბს დასაბრუნებლად უფრო მეტი დრო დასჭირდება, სხვა ვარიანტების განხილვა მოგვიწევს. ჩემი მიზნები დვალიშვილს უკავშირდება. კარგი ისტორია გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ სტერლინგისგან განსხვავებული სტილი აქვს, ვიცი, მისგან რას უნდა ველოდო. ვაპირებ, დვალიშვილს დაველოდო, ალჯამეინ სტერლინგის შეყვარებული დავამარცხო და შემდეგ საჩემპიონო ქამარი დავიბრუნო“.
შეგახსენებთ, რომ სეხუდომ დვალიშვილთან ჩხუბის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა. ჰენრიმ პირველი გამოწვევა საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ გააჟღერა, რომელიც სტერლინგთან დათმო. „ტრიპელ სიმ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მერაბის თავის თეფშზე მიღება სურდა.
ქართველ მებრძოლს რაც შეეხება, „მანქანამ“ რამდენიმე დღის წინ, ნატკენ ხელზე ოპერაცია ჩაიტარა. როგორც დვალიშვილმა თავად აღნიშნა, მას ნაოპერაციები ხელით დარტყმის განხორციელება 3 თვით აუკრძალეს, ხოლო ვარჯიშს 6 კვირაში დაუბრუნდება.