ნაპოლის ულტრასებმა სპალეტის მოპარული Fiat Panda-ს საჭე დაუბრუნეს
„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს ჩემპიონი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გახდა და „პარტენოპეის“ გულშემატკივრების მეხსიერებაში 2022-23 წლების სეზონმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მათი გმირია, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში ნეაპოლში საერთოდ სხვა განწყობა იყო.
მაშინ, „ნაპოლის“ ულტრასმა ქომაგებმა სპალეტის ავტომობილი, Fiat Panda მოიპარეს, მალევე კი „სტადიო მარადონას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერი გამოჩნდა, რომლითაც ლუჩანოს მიმართეს: „თუ წახვალ, Fiat Panda-ს დაგიბრუნებთ“.
იტალიელ სპეციალისტს ულტიმატუმი არ შეუსრულებია, გუნდში დარჩა და „ნაპოლის“ სკუდეტოც მოაგებინა. ახლა კი, როცა ისტორიული წარმატების შემდეგ, ლუჩანომ პაუზის აღება და წასვლა გადაწყვიტა, ულტრასმა ქომაგებმა პირობა შეასრულეს (ნაწილობრივ). რამდენიმე საათის წინ, Castel Volturno-ს სპორტულ ცენტრში გულშემატკივართა პატარა ჯგუფი მივიდა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და სპალეტის დიდი ყუთი გადასცეს. ლუჩანომ ყუთი გახსნა და აღმოაჩინა, რომ მასში Fiat Panda-ს საჭე იდო. იტალიელ სპეციალისტს ქომაგთა ხუმრობა ძალიან მოეწონა და მისი რეაქციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
As a parting gift to their manager, Napoli ultras gifted Luciano Spalletti his steering wheel and CD's they stole from his beloved Fiat Panda during protests in 2021 ???????? pic.twitter.com/gUOX9JFvu1
— SPORTbible (@sportbible) June 6, 2023
ცნობისთვის, 2021 წელს მოპარული Fiat Panda სპალეტის მალევე დაუბრუნეს. ლუჩანოს ავტომობილი „ნაპოლის“ სხვა ულტრასმა ქომაგებმა აღმოაჩინეს და მისი ადგილმდებარეობის შესახებ იტალიელ სპეციალისტს შეატყობინეს.