ატალანტაში რჩება - გასპერინი ნაპოლიში გამოირიცხა
როგორც მოგეხსენებათ, ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა და ახლა „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის გარეშეა.
სპორტულ მედიაში არაერთმა გვარმა გაიჟღერა, თუმცა დღემდე შეთანხმება არცერთ სპეციალისტთან არ არის მიღწეული.
ერთ-ერთ ვარიანტად ჯან პიერო გასპერინი განიხილებოდა და თითქოს მოლაპარაკებაც დაწყებული იყო, მაგრამ დღეს იტალიელმა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გვამცნო, რომ გასპერინი „ატალანტაში“ რჩება.
შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა და ის ნეაპოლიდან დიდი პატივით გააცილეს.
ასევე გეტყვით, „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე და იულიან ნაგელსმანი განიხილებოდნენ, თუმცა ესპანელს პრემიერ ლიგაში სურს მუშაობა, ხოლო გერმანელს გეზი „პარი სენ ჟერმენისკენ“ აქვს აღებული, საიდანაც დღეს კრისტოფ გალტიე დაითხოვეს.