ძალადობის ბრალდება - ანტონის ყოფილი შეყვარებული უჩივის
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ანტონი სკანდალში გაეხვა. ბრაზილიელი შემტევი ყოფილმა პარტნიორმა ძალადობაში, მუქარასა და სხეულის დაზიანებაში დაადანაშაულა.
ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte იუწყება, რომ გაბრიელა კავალინი, რომელსაც ანტონისთან ურთიერთობა 2022 წელს ჰქონდა, სან პაულუს პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
გაბრიელა ამტკიცებს, რომ ინციდენტი 20 მაისს „ბორნმუთან“ მატჩის შემდეგ მოხდა. წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის კავალინი დაცვის სისტემას ითხოვს, რათა მასალების მოგროვების დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კავალინისა და ანტონის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაბრიელამ აბორტი ბრაზილიელ ფეხბურთელთან შეთანხმების გარეშე გაიკეთა.
თავის მხრივ, „წითელი ეშმაკების“ ფეხბურთელის აგენტმა ჯუნიორ პედროსომ განაცხადა:
პედროსო:
„ანტონი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ვფიქრობ, ეს სიტუაცია გაბრიელასთვის ხელსაყრელი არ არის. სამწუხაროდ, მარტივი დასანახია ის ფაქტი, რომ გაბრიელა ყოველთვის მაშინ ჩნდება მედიასთან, როდესაც იცის, რომ ანტონიზე გავლენის მოხდენა შეუძლია.“