ოფიციალურად: რუსი მოციგურავეები საქართველოს სახელით იასპარეზებენ
ცნობილი რუსი მოციგურავეები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ინფორმაცია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ Facebook-გვერდზე დაადასტურა.
რა წერია განცხადებაში:
2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ამერიკაში დაბადებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არის, თავის მეწყვილე და მეუღლე გლებ სმოლკინთან ერთად, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, 2019 წლის მაისიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილ სპეციალისტებთან გადის წვრთნებს. დევის-სმოლკინის წყვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა 2021-2022 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით. ახალ წყვილს მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასთან ერთად ექნება შესაძლებლობა მომავალი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისა, სადაც საქართველოს ორი წყვილის მონაწილეობის საგზური აქვს მოპოვებული. ამავე ჩემპიონატზე ჩვენ ქვეყანას მამაკაცთა კატეგორიაში 2 საგზური, ხოლო ქალთა სეგმენტში კი 3 კვოტა აქვს. ყველა ჩვენ სპორტსმენს მაღალი შანსი რჩება განაწილდნენ გრან პრის ორივე ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ დევისისა და სმოლკინის საქართველოში გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა. ცნობები მალევე რუსეთის ფიგურული ციგურაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც დაადსტურა. რუსი მოციგურავეების დუეტმა, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულეს.