საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო - სანიოლმა 11 ფეხბურთელი ავარჯიშა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით, თბილისში დაიწყო. შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
დინამო თბილისის ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში თერთმეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.
ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები უქმეებზე გამართეს და ასევე მოთამაშეები, რომლებიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობენ, საქართველოს ნაკრებს მომდევნო დღეების განმავლობაში შეუერთდებიან.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელია გამოძახებული.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჯერ კვიპროსს ესტუმრება, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.