ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: „მსურს კვლავ ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში“

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება კვიპროსის ნაკრებს, არ ვიცი რამდენად იქონიებს გავლენას ის ფაქტი, რომ ქეცბაია მათი მთავარი მწვრთნელია ან ის რომ კვიპროსის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი თამაში დათმო.

ჩვენი სრული ფოკუსი კვიპროსის ნაკრებთან თამაშზეა, გვსურს ისე გამოვიდეთ, როგორც ეს ნორვეგიასთან მეორე ტაიმში შევძელით. ნორვეგიასთან ჩატარებული პირველი ტაიმით ცხადია უკმაყოფილო ვიყავი.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის დიდი ტურნირია. მთელმა ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ამ დონის ტურნირების ჩატარება შეგვიძლია. 

ახალგაზრდულ ნაკრებთან მიმართებაში მოთამაშეების განაწილების თაობაზე ბევრი დისკუსია იყო. ჩვენ ასეთ შემთხვევებში ერთმანეთს ვესაუბრებით და კომპრომისს ვლოპულობთ. რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად მექვაბიშვილი, სიგუა და წიტაიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდნენ. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ამ თემაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

გველესიანთან დაკავშირებით კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მას ბოლო 12 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი, შესაძლებლობების დამტკიცების შესაძლებლობა ექნება. ვიცი, რომ ბევრის აზრით გველესიანი უფრო ადრე უნდა გამოგვეძახა, თუმცა ახლა მას ამის შესაძლებლობა ექნება.

მატჩის წინ ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ. გეთანხმებით, რომ ნორვეგიასთან ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა, თუმცა კარგი თამაში მხოლოდ ორი ფორვარდის ფაქტორმა არ განაპირობა. მეორე ტაიმში ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვიყავი. ასევე, ნორვეგია და კვიპროსი განსხვავებული ნაკრებები არიან და კონკრეტულ გუნდთან შესაბამისი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ.

ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა მე ამას დადებითად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ქულა მოვიპოვეთ. ერთა ლიგის დაწყებამდე ვთქვი, რომ საწყის ოთხ თამაშს მოვიგებდით. მაშინ ასე მოხდა, თუმცა კიდევ არ მინდა პროგნოზის გაკეთება.

ჩემთვის მთავარია იგივე შემართებით, ამბიციით, მონდომებითა და დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს ნორვეგიასთან მეორე ტაიმში იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ნაკრებში კარგი განწყობით ჩამოდიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფეხბურთელები განწყობას გუნდში გაავრცელებენ და ეს ნაკრებს დაეტყოვბა. ვამაყობ, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ამ სეზონში ტიტულები მოიპოვეს.

ვერ გეტყვით, რომ ეს არის თუ არა საქართველოს ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა. ბევრ ფეხბურთელს ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას.

პროგნოზს არ ვაკეთებ, ბევრს ვივარჯიშებთ და ვიშრომებთ, რომ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა ეს ხუთივე გუნდს სურს და მხოლოდ 2 მიაღწევს მიზანს.

მაროკოსთან მატჩში დაცვაში პრობლემები იყო, თუმცა ამ მატჩის ირგვლივ ოპტიმალური გარემო არ იყო. ნორვეგიასთან მატჩშიც იყო დაცვაში პრობლემები, თუმცა ეს მხოლოდ დაცვის ხაზს არ ეხება, ეს წინა ხაზიდან იწყება. გურამს რაც შეეხება, მისით კმაყოფილი ვარ. უშეცდომო არავინაა. თუ ჩემი გუნდის ფეხბურთელები თავიანთ შესაძლებლობებს გამოავლენენ, ჩვენს კარში გოლის გატანა ძალიან რთული იქნება.

გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და ეს არ ეხება მხოლოდ გოლებს, ვგულისხმობ საქმისადმი მიდგომას და დისციპლინას. არ ვიცი, დარჩება თუ არა „მეცში“, მაგრამ მან კარგად იცის ჩემი აზრი. მთავარია, თავის გუნდში ითამაშოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება უფრო მოტივირებული, რომ უფრო მეტი იმუშავოს და ნაკრებს გამოადგეს“.

შეგახსენებთ, ივნისის თვეში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევში კვიპროსთან და შოტლანდიასთან სტუმრად ითამაშებს. ასევე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები