ჯიმი ბატლერი, ნიკოლა იოკიჩი, ჯამალ მიურეი, აარონ გორდონი, გეიბ ვინსენტი
Aa
Aa

მაიამის საოცარი მეოთხე მეოთხედი | ჰიტმა დენვერთან ანგარიში გაათანაბრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში, „მაიამი ჰიტმა" წონასწორობა აღადგინა. ჯიმი ბატლერმა და კომპანიამ „დენვერ ნაგეთსს“ სტუმრად გამართულ მეორე შეხვედრაში სძლიეს და საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვეს - 111:108.

„მაიამიმ" წარმატებას ფენომენალურად ჩატარებული მეოთხე მეოთხედის ხარჯზე მიაღწია და 30 მარტის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც „დენვერს" სტუმრად მოუგო. გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე, „ჰიტი" 8 ქულით აგებდა, თუმცა მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა, რათა 1 ქულით დაწინაურებულიყო და საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, 104:93-ს იგებდა. „დენვერმა“ ბოლომდე იბრძოლა და ჯამალ მიურეის შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი სამიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

„დენვერის" რიგებში კვლავინდებურად ბრწყინვალე იყო ნიკოლა იოკიჩი. „ჯოკერმა“ აქტივში 41 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ნიკოლა კარიმ აბდულ-ჯაბარის, უილტ ჩემბერლენისა და შაკილ ონილის შემდეგ, პირველი ცენტრია, რომელმაც სუპერფინალური სერიის მატჩი მინიმუმ 40 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. ჯამალ მიურეის 18 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, აარონ გორდონს კი - 12 ქულა, 7 მოხსნა.

იოკიჩის ფენომენალურ ასპარეზობას „მაიამიმ" გუნდურად უპასუხა. „ჰიტის" რიგებში 23 ქულით გეიბ ვინსენტი გამოირჩა. ჯიმი ბატლერსა და ბემ ადებაიოს 21-21 ქულა ჰქონდათ, მაქს შტრუსმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო დანკან რობინსონმა 10 ქულა გაიფორმა, რომელთაგან ყველა მეოთხე მეოთხედში აიღო.

ამრიგად, სუპერფინალურ სერიაში ანგარიში 1:1-ია. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებას 8 ივნისს ვიხილავთ. მატჩი ფლორიდაში, „ჰიტის" საშინაო სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია ლა ლიგაში დარჩა - მამარდამ კანისარესის რეკორდი გაიმეორა
ვალენსია ლა ლიგაში დარჩა - მამარდამ კანისარესის რეკორდი გაიმეორა