ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსია ლა ლიგაში დარჩა - მამარდამ კანისარესის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნით ტურში „ბეტისისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ღამურები“ ელიტაში დარჩნენ, თუმცა ამ მიზანს მხოლოდ ბოლო ტურში მიაღწიეს.

„ვალენსიას“ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, უშეცდომო იყო. ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

38 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულა დააგროვა, მე-16 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 2 ქულით გაასწრო.

21-ე საუკუნეში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში ყველა მატჩში ითამაშა. მამარდაშვილამდე ანალოგიური შედეგი სანტიაგო კანისარესმა აჩვენა, რომელმაც 1998-99 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 2022-23 წლების სეზონში 38 მატჩიდან 7-ში გოლი არ გაუშვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. უდიდესი ალბათობით მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს და კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები