ნაპოლი 90 ქულით გაჩემპიონდა - ხვიჩას ფანტასტიკური სეზონი
სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის დასკვნით ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 64-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა. მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ დააფიქსირა, რომელიც თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, ოსიმენი შეცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მატჩის დაწყებამდე სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, „სამპდორიასთან“ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.
„ნაპოლიმ“ 38-დან 28 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 4 დათმო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (77) და ყველაზე ნაკლები გაუშვა (28). „პარტენოპეი“ იტალიის ჩემპიონი სრულიად დამსახურებულად გახდა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონას შემდეგ „ნაპოლი“ ჩემპიონი პირველად გახდა, 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო „ნაპოლის“ დარჩა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონში სრული ფურორი მოახდინა, ბევრისთვის უცნობმა ფეხბურთელმა 34 მატჩში 12 გოლი შეაგდო, 10 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა. ქართველმა გარემარბმა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დამსახურებულად მიიღო.
ხვიჩას ყველა გოლი და ასისტი ნაპოლიში:
ამ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. ივნისის თვეში ქართველი ვარსკვლავი სანაკრებო მატჩებზე გადაერთვება, ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან და შოტლანდიასთან დაეხმარება, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე გუნდისთვის ითამაშებს.