200 მილიონს გამოიმუშავებს - ბენზემამ ახალ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა
საუდის არაბეთის ტელევიზიის, Al Ekhbariya-ს ინფორმაციით, კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადთან“ ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. 35 წლის ფორვარდი ახალ კლუბში 2-წლიან პერიოდში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
Marca-მ დაწერა, რომ ბენზემა 2024 წლამდე კლუბში რჩებოდა. თავად ფეხბურთელმა, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლებიც მისი წასვლის შესახებ ვრცელდებოდა, ჭორი უწოდა. ბენზემას წასვლა კარლო ანჩელოტიმაც გამორიცხა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა მაინც წასვლა გადაწყვიტა და „სამეფო კლუბში“ მორიგი დიდი ეპოქა სრულდება - ფრანგი ფორვარდის წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.
ბენზემამ „რეალში“ 14 წელი ითამაშა, მოიგო 25 ტიტული, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ლა ლიგა. 2022 წელს კი ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. ბენზემას ანგარიშზე „რეალის“ მაისურით 353 გოლია. ის კლუბის ისტორიაში რონალდუს (450) შემდეგ საუკეთესო ბომბარდირია.
კარიმის ახალი გუნდის, „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუა, რომელიც „ვალენსიას“ (2014-15), „პორტუს“ (2016-17), „ვულვზისა“ (2017-21) და „ტოტენჰემს“ (2021) წვრთნიდა. 2022 წლიდან „ალ-იტიჰადში“ მუშაობს.