ინტერი, ანდრე ონანა
Aa Aa

“დოპინგი? ეს შეყვარებულის წამლის გამო მოხდა“ - მე ანდრე ონანა ვარ

„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იცის რა მოხდა..

ისინი ფიქრობენ, რომ მიცნობენ..

მათ წაიკითხეს სტატიები ჩემზე..

„ანდრე ონანა? მას ხომ ფეხბურთის თამაში ნარკოტიკების გამო აუკრძალეს“..

„ის თაღლითია“

„ის ნარკომანია“

ყველაფერი, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ჩემზე თქვა, ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა..

„ანდრე ონანა დოპინგზე ჩავარდა“..

როგორ უნდა აუხსნა ეს ოჯახს ან შვილებს?

ეს ყველაფერი ადვილი არ იყო, მაგრამ არსებობს ახსნა და თუ გინდა გაიგო რეალურად რა მოხდა, დაჯექი და მომისმინე!!

ეს არის სიმართლე მათთვის, ვისაც მისი მოსმენა სურს..

2021 წლის თებერვალში ყველაფერი დავკარგე..

ნაკრებთან ერთად კამერუნში ვიყავი და „აიაქსის“ ექიმმა დამირეკა..

როდესაც მან მითხრა, რომ „ფუროსემიდზე“ დადებითი ტესტი მქონდა ჩემი რეაქცია ასეთი იყო: „როგორ? ეს ხუმრობაა?“

მე მას ვუთხარი: „ექიმო რაღაც შეცდომაა. ვიცი როგორ მიდის ეს ტესტები. ბევრჯერ გამიკეთებია და პრობლემა არასდროს მქონია..“

ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვსვამ და არც ვეწევი. ნარკოტიკებზე საუბარიც ზედმეტია.. „ფუროსიმედის“ შესახებ გაგებულიც კი არ მქონდა.. თუ კი რაიმე აბი მიმიღია, მხოლოდ ნაკრების ან გუნდის ექიმის დანიშნულებით..

„აიაქსის“ ექიმთან საუბრის დასრულების შემდეგ, ჩემს შეყვარებულს მელანის დავურეკე და ეს ამბავი სიცილით მოვუყევი. როდესაც „ფუროსიმედი“ ვახსენე უცებ ის დასერიოზულდა და მითხრა:

„ანდრე, „ფუროსიმედი“ ორსულობის წამალია, რომელიც მე ექიმმა დამინიშნა..“

იმ მომენტში პირველად შემეშინდა..

ეს უკვე ექიმის შეცდომა აღარ იყო..

კამერუნიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემს სახლში „აიაქსის“ ექიმი მოვიდა და თუ კი რამე მქონდა კარადაში ყველაფერი გადაამოწმა. მან დაადასტურა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არსებობდა..

იცით რა მოხდა? თავის ტკივილი მაწუხებდა და გამაყუჩებელი უნდა დამელია. ყუთები ერთმანეთს ჰგავდა და შემთხვევით დავლიე აბი, რომელიც ექიმმა ჩემს შეყვარებულს გამოუწერა..

ეს პატარა 40-მილიგრამიანი აბი..

შოკში ვიყავი..

და მაინც, უეფა-მ დაინახა, რომ ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომა იყო. მათ გამომიძახეს და ჩემი ამბავი მოვუყევი. ყველაზე გამაღიზიანებელი კითხვა იცით რა იყო? მკითხეს, თუ რატომ ვინახავდი სახლში იმ აბებს..

პასუხი მარტივი იყო: „ჩემი შეყვარებული ორსულად არის. ეს მისი აბებია..“

ეს ნამდვილად არ იყო რაღაც გიჟური საბაბი, რომელიც მე უბრალოდ მოვიგონე. მე არ ვცდილობდი მოტყუებას. ყველა მტკიცებულება იქ იყო..

ეს უბრალოდ სულელური შეცდომა იყო!!

მეგონა, რომ ისინი ამას მიიღებდნენ და უბრალოდ გამაფრთხილებდნენ: „კარგი ანდრე, ასეთი შეცდომა აღარ დაუშვა, უფრო ყურადღებით იყავი..“

საფეხბურთო სიტყვებით რომ ვთქვათ, მეგონა ყვითელ ბარათს მაჩვენებდნენ..

მაგრამ არა.. მათ პირდაპირ წითელი ბარათი ამოიღეს..

12-თვიანი ბანი.. არანაირი ფეხბურთი..

ეს 10-წლიან აკრძალვას ჰგავდა..

ეს არის მარადისობა!!

ფეხბურთში ყველამ იცის, რომ წარმატების მისაღწევად შეზღუდული დრო არსებობს. ჩემი ოცნებებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავე..

მე გარკვეული მსხვერპლი გავიღე..

10 წლის ასაკში სახლი დავტოვე, რათა სამუელ ეტოოს აკადემიაში მევარჯიშა. ბაზასთან ახლოს მწვრთნელ დიალოს სახლში ვცხოვრობდი..

დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, თუ როგორ დაარწმუნა დიალომ მამაჩემი, რომ მე სახლიდან ასეულობით კილომეტრში მეცხოვრა.. მამაჩემი იმ დროს ფეხბურთელი იყო, მაგრამ გამუდმებით ჩემთან ერთად იყო. სკოლაში მას დავყავდი, მამეცადინებდა და ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა. ფეხბურთი უსაფრთხო არჩევანი არ იყო..

რა მოხდებოდა, თუ დავშავდებოდი? რა მოხდებოდა, თუ ვერაფერს მივაღწევდი? არა, არა, არა!!

გიჟურად ჟღერს არა? 10 წლის შვილს ასე შორს უშვებ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ევროპაში ბავშვებისთვის საქმეები აფრიკაში მუშაობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩემი უფროსი ძმა ჯაკარტაში წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ. გარიგება გვქონდა.. ასე მივყევით ოცნებას, რომელიც პოტენციურად ჩვენს ოჯახს დაეხმარებოდა. იმ დროს ძალიან ღარიბები ვიყავით..

საფრანგეთში და ევროპაში ბევრი ტურნირი ვითამაშეთ. საბოლოო მიზანი ევროპულ აკადემიაში გადასვლა იყო. სასაცილო ის იყო, რომ ოცნებას მივყვებოდი და რეალურად არავის უთქვამს, თუ როდის ჩავირიცხე „ბარსელონას“ აკადემიაში..

კლუბმა, მწვრთნელმა და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი მოაგვარა, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ამბავს მიმალავდნენ..

მახსოვს ჩემს ძმას ტელეფონზე სულ სხვა რამეზე ვესაუბრებოდი და გავიგე როგორ თქვა მამაჩემმა: „არ უთხრა“..

გავგიჟდი.. ყველანაირად შევეცადე, რომ ჩემი ძმისთვის საიდუმლო გამომემჟღავნებინა..

საბოლოოდ მაინც მითხრა და დამაფიცა, რომ არავისთვის მეთქვა.. იცით? ბოლომდე მაშინ არ მჯეროდა..

საბოლოოდ, „ბარსელონაში“ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემი ნივთები ჩამელაგებინა, მაგრამ ამის მიზეზი არ დაასახელა..

მე ვუთხარი: „მე გუნდის კაპიტანი ვარ და უნდა მითხრა რა ხდება, რატომ მალაგებინებ ნივთებს?“

მან მიპასუხე: „უბრალოდ მოკეტე და გააკეთე ის, რასაც გეუბნები..“

მოგზაურობის დროსაც კი არაფერი მითხრა. ყველაფერს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა კატალონიაში „ბარსელონას“ ავტობუსში ჩავჯექი..

მეორე დღეს, ბარსას მაისურით ჩემი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ვთამაშობდი. ეს წარმოუდგენელი იყო..

4 წლის შემდეგ „აიაქსში“ გადავედი. იქაურობა ძალიან მომეწონა. ამსტერდამი საოცარი ქალაქია, მაგრამ იქ ძალიან ცივა..

კამერუნში 20 გრადუსზე დაბლა ტემპერატურა არასდროს ჩამოდის. როდესაც ამსტერდამში თოვლი პირველად დავინახე სახლში დავბრუნდი და ლოგინში ჩავწექი.. გარეთ გასვლა არ მინდოდა..

1 საათის შემდეგ კლუბიდან დამირეკეს და მკითხეს, თუ სად ვიყავი..

მე ვუპასუხე: „კი მაგრამ თოვს, როგორ ვიმგზავრო მანქანით?“

მათ დამავალდებულეს, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი..

თავიდან ძალიან გამიჭირდა. მესამე მეკარე ვიყავი. ვერც ინგლისურად ვლაპარაკობდი და ვერც ნიდერლანდურად. „ბარსელონას“ დატოვება შეცდომად ჩავთვალე..

მიუხედავად ამისა, ბევრს ვვარჯიშობდი. მოუთმენელი ვიყავი და სწრაფად მსურდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება!!

თუ მართლა აპირებ, რომ მწვერვალზე ახვიდე, გასასვლელი გზა მარტივი არასდროს იქნება!!

2016/2017 წლების სეზონის დაწყებამდე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა მითხრა: „შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. შეხედე ევროპის ტოპ კლუბებს, რომელს ჰყავს 20 წლის მეკარე ძირითად შემადგენლობაში?“

ამის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ახალ კლუბს ვეძებდი, რომელიც იჯარის წესით წამიყვანდა, მაგრამ არავინ დაინტერესდა. საფრანგეთის მეორე ლიგაშიც კი არავის ვჭირდებოდი. სხვა გზა არ მქონდა, დავრჩი..

რამდენიმე კვირის შემდეგ, „აიაქსი“ სილესენმა დატოვა და ბოშმა შანსი მომცა. მან მითხრა, რომ შემდეგ სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მათამაშებდა და ჩემი შანსი უნდა გამომეყენებინა..

დიახ, ეს ჩემი შანსი იყო!!

ძალიან ვნერვიულობდი.. სამწუხაროდ, პირველ მატჩში ვილემ 2-თან 1:2 დავმარცხდით. პრესაში კი არასასიამოვნო რაღაცების წაკითხვა მომიწია..

შთაბეჭდილების მოსახდენად კიდევ ორი მატჩი მქონდა. „იგლსთან“ დაპირისპირების დროს ჩემს კარში პენალტი დაინიშნა..

მსაჯზე ძალიან გავბრაზდი და მისი ლანძღვა დავიწყე. გადავრჩი, რომ არ გამაგდო. ყველანაირ შანსს ვკარგავდი.. იცით? პენალტი მოვიგერიე და თამაში მოვიგეთ!!

ამ სამი მატჩის შემდეგ, „აიაქსის“ პირველი მეკარე გავხდი და 5 სეზონი ვითამაშე. მოვიგე უამრავი ტიტული და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ვითვლებოდი.

შემდეგ, 2021 წლის თებერვალში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყველაფერი წამართვეს, რაზეც ვმუშაობდი და ვოცნებობდი..

მელანიმ, ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა სიმართლე იცოდნენ, მაგრამ დანარჩენი? გახსოვთ რას წერდნენ ჩემზე? რა ხდებოდა სოციალურ ქსელში..

პსვ-სთან მატჩის წინ, ჩემმა თანაგუნდელებმა მაისურზე ჩემი გვარი დაიწერეს და ასე გამამხნევეს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა..

გვერდში უამრავი ფეხბურთელი და მწვრთნელი დამიდგა, მაგრამ თავს მაინც იზოლირებულად ვგრძნობდი.. სანქცია ნიშნავდა, რომ მატჩებზე სიარული, ვარჯიში და სეზონის ბოლოს ტიტულის აღნიშვნა არ შემეძლო..

ეს სამართლიანია??

მე ამის საფასური გადავიხადე..

ასეთ დროს გიჩნდება კითხვა.. რატომ გსჯიან? მაგალითისთვის, თუ უბრალოდ სურთ, რომ გატკინონ?

ამ ფაქტმა სამყარო უკეთესად გამაცნო. ბევრისგან ველოდებოდი მხარდაჭერას, მაგრამ ისინი უბრალოდ გაქრნენ. ჩემი სახიდან კი ღიმილი გაქრა..

დავბრუნდი ესპანეთში და „აიაქსის“ პროგრამით მეკარეების მწვრთნელთან ვვარჯიშობდი. ეს იმიტომ, რომ სათამაშო ფორმა 1 წლის განმავლობაში არ დამეკარგა. ჩემმა მწვრთნელმა იცით რა ქნა? ვარჯიშზე მოყვარული გუნდის მეკარეები მოიყვანა, რათა ჩემთან ერთად ევარჯიშათ და მოტივაცია მისცემოდათ.. პირიქით, ამან მოტივაცია მე მომცა!!

ფეხბურთის აკრძალვამ უფრო ძლიერი გამხადა. რა თქმა უნდა, ამის გამო მადლობის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ ის 1 წელი ისე ვვარჯიშობდი, რომ შეუჩერებელი გავხდი..

ზაფხულში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ 12-თვიანი აკრძალვა 9 თვით შეცვალა და ეს ისე ვიზეიმე, თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. რა თქმა უნდა, შავი ლაქა არ წაშლილა, მაგრამ ოდნავ გაასუფთავა..

მოხსენებაში ჩაწერეს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზამთარში აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში თამაშს შევძლებდი..

მამაჩემი დღემდე საუბრობს 2000 წლის აფრიკის თასზე, სადაც კამერუნმა ნიგერია დაამარცხა. ჩვენი ერისთვის ეს უდიდესი წარმატება იყო..

როცა გავიზარდე „კამპ ნოუზე“ ან „კრუიფ არენაზე“ თამაშზე არ ვოცნებობდი. ჩემი მთავარი მიზანი იაუნდეში „სტად აჰმადუ აჰიდჯოზე“ თამაში იყო..

ახლა დავბრუნდი და „ინტერში“ ვთამაშობ. ჩემი ოცნებები ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში..

მინდა ჩემი ქვეყანა ვასახელო..

მინდა გავხდე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე..

ყველა იღებს დარტყმას..

ყველა ეცემა..

ფეხბურთის აკრძალვამ ერთი რამ მასწავლა..

საუბარია იმაზე, თუ როგორ ადგები..“ - მე ანდრე ონანა ვარ

 

გაზიარება: