ლუკა აბჟანდაძე - 17 წლის ქართველი შემტევი პორტუგალიაში
პორტუგალიურ „მორეირენსეს“ ასაკობრივ გუნდებში 17 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა აბჟანდაძე თამაშობს.
მან 2022-23 წლების სეზონში „მორეირენსეს“ 17-წლამდე გუნდში 19 მატჩი ჩაატარა, 750 წუთი ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის საწყის პერიოდში კუნთის ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, თუმცა შემდეგ შედეგიანი მატჩები ჩაატარა.
ამპლუით მარცხენა გარემარბმა, რომელმაც გასული სეზონი „მორეირენსეს“ 17-წლამდე გუნდში გაატარა, ახალ სეზონში 18-წლამდე გუნდში ითამაშებს, თუმცა შესაძლოა კიდევ ერთი ასაკით დააწინაურონ და ახალ სეზონში „მორეირენსეს“ 19-წლამდე გუნდში რეგულარულად ითამაშოს, ზაფხულში უფრო ნათელი გახდება, თუ რომელ ასაკობრივ გუნდში დააწინაურებენ.
ლუკა აბჟანდაძე ქალაქ გიმარაინშში დაიბადა, 13-წლამდე „გიმარაინშის“ ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, 13 წლიდან „მორეირენსეშია“ და ქალაქ ვიზელაში ცხოვრობს.
შემტევი სტილის ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და პორტუგალიის. მას საქართველოს ან პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებებიდან მიწვევა არასდროს მიუღია.
შეგახსენებთ, ახლახან პორტუგალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქარსელაძე გამოჩნდა, რომელიც „რიუ ავეს“ პირველ გუნდში დააწინაურეს, უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა და „რიო ავემ“ გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.