მიქაუტაძის მეცის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ჯერ არაფერია ცნობილი
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „ბასტიას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და მეტოქეს 3:2 სძლია.
შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე, საბალის გოლით გაიხსნა. 55-ზე თავი იუსეფ მაზიზმა გამოიჩინა და საკუთარ გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. „ბასტიამ“ ჩამორჩენა 68-ე წუთზე, ბონერის გოლით შეამცირა - 1:2. 7 წუთში, მაზიზმა დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი შურმა დააფიქსირა.
მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა. ქართველ თავდამსხმელს საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მე-10 წუთზე, გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, „მეცი“ ლიგა 1-ში აღზევდება თუ არა. მიქაუტაძის გუნდს 72 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. „მეცის“ მთავარი კონკურენტი „ბორდოა“. „ბორდოსა“ და „როდეზის“ შეხვედრა ჟირონდელთა ქომაგის მიერ „როდეზის“ ფეხბურთელისთვის მიყენებული დარტყმის გამო შეწყდა და თეორიულად „ბორდოს“ „მეცის“ გადასწრება შეუძლია. ფრანგული პრესის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე ვერდიქტი ორშაბათს გახდება ცნობილი და გაირკვევა, ჟირონდელებს თამაშის განახლების უფლებას თუ მისცემენ.