„მნიშვნელოვანი მატჩები გველის“ - კიტეიშვილმა ნაკრებზე ისაუბრა
გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ გამოცემას, Krone-ს ესაუბრა. „კიტემ“ ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაზე და საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩებზე გაამახვილა ყურადღება.
„სატურნირო ცხრილში ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ჩვენთვის, ბოლო ტურში გამარჯვების მოპოვება, მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, საშინაო არენაზე შეკრებილ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც შტურმში ვიმყოფები, ყველაზე წარმატებული სეზონი გვქონდა. მეორე ადგილზე გავედით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი გვაქვს და თასის მოგებით ვამაყობთ.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსთან და შოტლანდიასთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი. ბოლო წლებში, როცა ეროვნულ გუნდში მიძახებდნენ, საქართველოში ჩასვლამდე ტრავმას ვიღებდი. ახლა განსხვავებული ვითარებაა და ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს მიზანს მივაღწიოთ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის მყოფი ფეხბურთელები გვყავს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო 2 შეხვედრას 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიაში გამართავს.