U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

სუპერ გუნდი გავარდა | გიჟური ამბები 20-წლამდელთა მსოფლიოზე

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესოდ ვითარდება. სანახაობრივი მატჩებისა და უხვგოლიანობის ფონზე, 1/8 ფინალურ ეტაპზე ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა.

საფრანგეთის ნაკრების (მეტოქეები ჯგუფში: გამბია, სამხრეთ კორეა და ჰონდურასი) ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, ტურნირს მასპინძელი და მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი (რეკორდია) არგენტინის ნაკრები გამოეთიშა. ისე, ჰონდურასის ხსენებაზე, ერლინგ ჰოლანდის 9-გოლიანი მატჩი გამახსენდა და ბარემ, 23 წამში ჩატეულ 9 გოლს აქვე გიზიარებთ.

საწყისი სამივე მატჩის ლამაზ სტილში მოგებისა და ფავორიტის სტატუსის განმტკიცების შემდეგ, არგენტინელები ნიგერიის ნაკრებს შეხვდნენ და პირველ ტაიმში დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ.

აფრიკელებმა გაძლეს, მეორე ნახევრისთვის ძალები კიდევ უფრო კარგად მომართეს და ხავიერ მასკერანოს ბიჭებს იმავე სცენარით მოუგეს, რითაც - ჯგუფში იტალიას. ისიც კი დაემთხვა, რომ ორივე მატჩში „მფრინავმა არწივებმა“ ანგარიში 61-ე წუთზე გახსნეს, მეორე გოლი კი დამატებულ წუთებზე შეაგდეს.

არგენტინამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2001 წელსაც უმასპინძლა და იმ ტურნირის ჩათვლით, მათ ნაკრებს საკუთარ ქვეყანაში ტურნირის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ 10 თამაში ჰქონდა მოგებული და ნიგერიელებმა ეს სერიაც შეუწყვიტეს.

არგენტინელთაგან ამ ტურნირზე რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელი თამაშობდა: „ლაციოს“ ლუკა რომერო, რომლის ახალ ზელანდიასთან გატანილი გოლიც ამ ბიჭის ნიჭსა და შესაძლებლობებს მარტივად აღქმადს ხდის; „არხენტინოს ხუნიორსის" ფედერიკო რედონდო სოლარი, რომელიც ფერნანდო რედონდოს ვაჟია; „ინტერის“ 19-წლამდელთა ერთ-ერთი ლიდერი ვალენტინ კარბონი (2005-იანია); „როსარიო სენტრალის“ ალეხო ველიზი, რომელმაც ტურნირზე 3 გოლი შეაგდო და ამ გოლებში ფორვარდის ინსტინქტები ნათლად იკითხება. სხვათა შორის, ველიზმა ნიგერიასთან წაგებულ მატჩში, აფრიკელთა მეკარე ანიაგბოსოსთან ერთად, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8.0.

ხავიერ მასკერანომ ჯგუფის სამივე მატჩისგან განსხვავებული ძირითადი დააყენა და ადგილობრივი პრესის მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. ყველაზე უფრო მატიას სოულეს („იუვენტუსი") მთელი თამაში სკამზე დასმასა და კარბონის შეცვლას (ბევრის აზრით, თავისი გუნდისგან მოედანზე საუკეთესო იყო) არ ეთანხმებიან. 

ზოგადად, ნიგერიას ამ ასაკში თითქმის ყოველთვის სოლიდური გუნდი ჰყავს და არგენტინელებს 3-ჯერ ფინალურ მატჩშიც შეხვდნენ. 1996 წლის ოლიმპიადაზე მოუგეს, 2005-ის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2008 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი დამარცხდნენ.

„მფრინავი არწივების“ შემდეგი მეტოქე გასული გათამაშების ფინალისტი, სამხრეთ კორეის ნაკრები იქნება. აზიელებმა მოუგეს ეკვადორს (ვიდეომიმოხილვა), რომელსაც წინა გათამაშების 1/2 ფინალშიც აჯობეს. 

სხვათა შორის, ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელშიც ეკვადორმა ფიჯის 9:0 მოუგო, კენდრი პაესმა შეაგდო და ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მცირეწლოვანი მეგოლე გახდა - 16 წლის და 22 დღის. ეს ბიჭი 2025 წლიდან „ჩელსის“ ფეხბურთელი იქნება.

არგენტინის ნაკრებთან ერთად, ჯგუფში სამივე თამაში მხოლოდ აშშ-ის ნაკრებმა მოიგო. თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუშვია - ეკვადორთან 1:0; ფიჯისთან 3:0 და სლოვაკეთთან 2:0. გუნდმა მშრალი სვლა 1/8 ფინალშიც გააგრძელა და ახალ ზელადიას 4:0 მოუგო.

ადგილობრივებთან ერთად, ამერიკელებს ლეგიონერები „სოსიედადიდან“, „ვოლფსბურგიდან“, „ჰოფენჰაიმიდან“ და „ჩელსიდანაც“ ჰყავთ. ეს ბიჭები 1/4 ფინალში გამბიისა და ურუგვაის მატჩის გამარჯვებულს ელოდებიან.

ამერიკელებს პირველი სერიოზული გამოცდა შემდეგ ეტაპზე ელოდებათ, როცა ორგზის ვიცე-ჩემპიონ ურუგვაის შეხვდებიან. ურუგვაელებმა საფრანგეთის ჯგუფში ჩამტოვებ პირველადგილოსან გამბიას ანდერსონ დუარტეს ერთადერთი გოლით მოუგეს (ვიდეომიმოხილვა) და მე-16 ცდიდან 1/4 ფინალში მეათედ ითამაშებენ.

შესანიშნავ ფორმაშია მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი (ბოლოს 2011-ში), ბრაზილიის ნაკრები. ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელი, რამონ მენეზესი პარალელურად 20-წლამდელებშიც მუშაობს და ძალიან შედეგიანადაც. მისმა ბიჭებმა 2023-ში 16 მატჩი ჩაატარეს: 12 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება (ჯგუფში იტალიასთან - 2:3). 

„აძურინისთან“ მარცხის შემდეგ, ბრაზილიელებმა ზედიზედ მე-3 მატჩიც სოლიდურად მოიგეს - დომინიკის რესპუბლიკასთან 6:0; ნიგერიასთან 2:0 და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე, ტუნისთან 4:1.

ტურნირზე თავისი მე-4 გოლი პენალტიდან შეაგდო მარკუშ ლეონარდუმ („სანტოსი“), რომელიც იტალიელთა ლიდერ ჩეზარე კასადეის 1 ბურთით ჩამორჩება. დუბლი შეასრულა კაპიტანმა ანდრე სანტუშმა, რომელიც „ჩელსის“ საკუთრებაა.

„სელესაო“ პირველი ტაიმის ბოლოს, 2:0-ზე, კაცნაკლული დარჩა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია. საინტერესოა, რომ თამაშის ბოლო 3 გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. ტუნისელთა გოლი ძალიან სახალისოა.

ბრაზილიელები 1/4 ფინალში გავიდნენ ტურნირის დებიუტანტ ისრაელზე, რომელმაც გათამაშებიდან, 97-ე წუთზე გატანილი გოლით, უზბეკეთი გამოთიშა.

კიდევ ერთმა სამხრეთ ამერიკულმა ნაკრებმა, კოლუმბიამ, თანაკონტინენტელის მსგავსად, შოუ დადგა და სლოვაკებს 5:1 გადაურბინა. „ლოს კაფეტეროსი" პირველ ტაიმშიც დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სან ხუანელ გულშემატკივარს გოლი არ უნახავს. აი, მეორე ტაიმში კი, დაიწყო და დაიწყო...

ოსკარ კორტესმა 48-ე წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლა, რასაც მომდევნო 15 წუთში ევროპელთა ჩამოშლა მოჰყვა, კოლუმბიელებმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები შეაგეს და 63-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 4:0 ენთო. კორტესმა ბოლოს დუბლიც შეასრულა და, მარკუშ ლეონარდუს მსგავსად, ბომბარდირ კასადეიზე 1 ბურთით ნაკლები აქვს.

2003 წლის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე იტალიის ნაკრებს შეხვდებიან. აპენინელებმა მერვედფინალური ეტაპის ყველაზე მყვირალა აფიშის მქონე შეხვედრაში ინგლისი დაამარცხეს. თანაც, ეს ისტორიაში პირველად გააკეთეს - გუშინდელამდე „სამ ლომს" „აძურინისთან" 5-დან 3-ჯერ მოგებული ჰქონდა და ორჯერაც ფრე იყო დაფიქსირებული.

იტალიელები დააწინაურა მათმა ლიდერმა და „ათიანმა", ტომაზო ბალდანციმ („ემპოლი"), რომელსაც ჯუზეპე ამბროზინომ ულამაზესი პასი გაუკეთა. ბრიტანელებმა თავიანთ სტილში გაათანაბრეს - ფლანგიდან ჩაწოდებული კარში დივაინმა გადაგზავნა. ეს ყველაფერი საწყის 24 წუთში ჩაეტია და 87-მდე ანგარიში აღარც შეცვლილა.

ზემოთ ორჯერ ვახსენე ჩეზარე კასადეი, რომელმაც ამ უდაძაბულესი მატჩის ბედიც გადაწყვიტა. „ჩელსიდან" „რედინგში" განათხოვრებულ ნახევარმცველს ინგლისში მომავლის დეკლან რაისს ეძახიან, მან თავისივე მოპოვებული პენალტი უნაკლოდ დაარტყა, ტურნირზე მე-5 გოლი შეაგდო და იტალიის ნაკრები, რომელსაც ეს ტურნირი არასდროს მოუგია, 1/4 ფინალში გაიყვანა.

ასე რომ, არგენტინაში მიმდინარე ჩემპიონატი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტისა და ძალიან ლამაზად მოთამაშე ნაკრების გარეშე კი დარჩა, მაგრამ სანახაობა მაინც გარანტირებულია. ბრაზილია დაფრინავს, კოლუმბიაც არ აკლებს, აშშ გოლს არ უშვებს, იტალია პრაგმატული და საინტერესოა, ნიგერიისთვის ავტორიტეტი არავინაა, აქვეა დებიუტანტი ისრაელიც.

ზოგ კითხვას პასუხი უკვე გაეცა, უფრო მეტზე კი დარჩენილი თამაშები იზრუნებს და ერთი, რაც ზუსტად ვიცი, არგენტინა ფეხბურთის გულია და იქ ახლა ფეხბურთის მომავალი თამაშობს. კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ - სანახაობა გარანტირებულია!..

3 ივნისი. 21:30. ისრაელი V ბრაზილია

4 ივნისი. 01:00. კოლუმბია V იტალია

4 ივნისი. 21:30. სამხრეთ კორეა V ნიგერია

5 ივნისი. 01:00. აშშ V ურუგვაი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ