სერხიო რიკოს მდგომარეობა | უახლესი ცნობები პარი სენ-ჟერმენის მეკარეზე
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სერხიო რიკო საავადმყოფოში რჩება. ესპანური და ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, კვლავინდებურად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
El Desmarque-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, რიკო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა. ექიმებმა მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახდინეს და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გაირკვევა.
რიკომ დაზიანებები ესპანეთში ყოფნისას, ცხენით სეირნობისას მიიღო. Cope-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ მომენტში ცხენი ანერვიულდა, რიკო ჩამოაგდო და თავში ჩლიქი ჩაარტყა. მისი ტრავმა სერიოზულია და ექიმები ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის მეუღლემ, ალბა სილვამ გუშინ საფეხბურთო სამყაროსა და ყველა ადამიანს, რომელიც რიკოსთვის ლოცულობს, მადლობა გადაუხადა. მან ოჯახის მშვიდად დატოვება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ურთულეს მდგომარეობასთან უწევთ გამკლავება.