სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ნეაპოლელთა თავკაცის პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. „პარტენოპეი“ იტალიელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს, ლუჩანომ კი გადაწყვიტა ფეხბურთელებს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი გაუკეთოს.
Tuttonapoli-ის ინფორმაციით, სპალეტი ცნობილ მეთოჯინეს, მარკო ფერინოს დაუკავშირდა და პულჩინელას (იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი, ხუმარა.) ხის ფიგურების დამზადება დაუკვეთა. ყველა პულჩინელა „ნაპოლის“ სათამაშო ფორმაში იქნება გამოწყობილი და თითოეული ფეხბურთელი სპეციალურად მისთვის დამზადებულ ფიგურას (მათი ნომერი და გვარი იქნება გამოსახული) მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. კვირას, თბილისის დროით, 20:30-ზე, „პარტენოპეი“ „სამპდორიას“ დაუპირისპირდება და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
გეტყვით იმასაც, რომ პულჩინელა ნეაპოლში წარმოიშვა და ქალაქის სიმბოლოა. მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე ძანის (იტალიური კომედია დელ’არტეს ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი.) სახასიათო ნიშნები: მიამიტობა, სოფლის მსუნაგის სიტუტუცე და სიზანტე, ქალაქელის მოხერხებულობა და საზრიანობა.