„ყველაზე მომგებიანი ნაბიჯი კვარას და კიმის მოყვანა იყო“ - ვეტერანი ფეხბურთელი ნაპოლის სეზონზე
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო დი ჯენარომ რადიო CRC-ის ეთერში „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონზე ისაუბრა და გუნდის ჯერ კიდევ მოქმედი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი გაწეული სამუშაოსთვის შეაქო.
„ფიორენტინას“ ყოფილმა მოთამაშემ კლუბს გასული წლის სატრანსფერო პოლიტიკაც მოუწონა, განსაკუთრებით კი ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს ტრანსფერი გამოარჩია.
რას ამბობს დი ჯენარო:
ამ ჩემპიონობით, „ნაპოლის“ საჩემპიონო ციკლის გახსნა შეუძლია, თუმცა უცნაურად მეჩვენება კლუბის მფლობელებსა და სპალეტის გარშემო განვითარებული გაუგებრობა. სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მხარეებს უკვე სურთ თანამშრომლობის შეწყვეტა, ეს მართლაც უცნაურია.
სპალეტის ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი რაც შეუძლია, კლუბის არჩევანმა კი ნამდვილად გამაოცა. მან ნეაპოლში ახალი ციკლი, ახალი პროექტი დაიწყო. გუნდს ახალი ფილოსოფია ჰქონდა და ამით, უკვე 3 თვის წინ გაინაღდა სკუდეტოს მოგება. არ ვიცი, შესაძლოა, სპალეტის გამარჯვებულადაც სურდა წასვლა.
იმის მიუხედავად, რომ დე ლაურენტისმა სახელფასო ბიუჯეტი შეამცირა, ეს გუნდის თამაშზე არ ასახულა, პირიქით, უფრო კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, როდესაც სპალეტი წავა, ახალი მწვრთნელის ხელში კლუბისთვის ეს ციკლი არ დასრულდება.
ფუნდამენტური იყო ჯუნტოლის ნამუშევარი, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ბოლო წლებში ყოველთვის წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებდა. განსაკუთრებით ამ სეზონში, პრეზიდენტს, მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის უნიკალური სინერგია იყო, რადგან ყველა ერთ მხარეს იდგა და ერთი გზით დადიოდა.
ამ ზაფხულს შესაძლოა კიმი წავიდეს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, კიმი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ ის ბირთვი, რომელმაც ასეთი შედეგი დადო, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. შესაძლოა, ერთი, ან ორი ფეხბურთელი წავიდეს, მაგრამ კლუბმა სხვა, იგივე მნიშვნელობის მოთამაშე უნდა მოიყვანოს.
გასულ ზაფხულს, კვარაცხელიას და კიმის მოყვანა ყველაზე სწორი და მომგებიანი გადაწყვეტილება იყო. მათ არავინ იცნობდა და საზოგადოებას თავი თავისი სპექტაკლებით გააცნეს. ვრწმუნდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სკაუტინგი, რადგან მათი მსგავსი მოთამაშეების პოვნა მარტივი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. „პარტენოპეიმ“ ტიტული სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა. 4 ივნისს, ნეაპოლიტანური გუნდი გათამაშებაში ბოლო ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე, „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო თასსაც ჩაიბარებს, რის შემდეგაც გუნდს მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი დაემშვიდობება.