გაბრიელ ჟესუსი
Aa Aa

“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ

„როდესაც „მანჩესტერ სიტისთვის“ გოლი გამქონდა დედა ყოველთვის მირეკავდა.. არ ჰქონდა მნიშვნელობა ის ბრაზილიაში იყო, ინგლისში, სტადიონზე, თუ მის მიღმა.. გოლის გატანისას ყოველთვის კუთხურის ალამთან გავრბივარ და ხელით ტელეფონზე დარეკვის იმიტაციას ვაკეთებ: „გამარჯობა დედა“..

როდესაც „მანჩესტერ სიტიში“ გადავედი ჩემი გოლის აღნიშვნა სასაცილო იყო და მეკითხებოდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს..

ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთი იყო: „არაფერს განსაკუთრებულს, დედა მიყვარს და ის სულ მირეკავს..“

რა თქმა უნდა, არსებობს უფრო გრძელი პასუხიც, რომელიც მაშინ იწყება, როდესაც მე მეოცნებე ბიჭი ვიყავი ბრაზილიაში. ჩემს სამშობლოში უამრავი ბიჭი ოცნებობს ფეხბურთის თამაშზე, მაგრამ მე გამიმართლა, რადგან რამდენიმე სუპერ გმირს ვიცნობდი..

სან პაულუს ჩრდილოეთით გავიზარდე. ჩემს სამეზობლოს პერი ჟარდიმი ერქვა. ეს ადგილი ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი ბრძოლის ველია.. მართლაც გამიმართლა, რადგან დედაჩემი ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდა და საჭმელი ყოველთვის გვქონდა..

სამწუხაროდ იყვნენ ბავშვები, რომლებიც ნორმალურად დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდნენ და ისიც სტადიონზე. ბევრი ვარჯიშზე მხოლოდ იმის გამო მოდიოდა, რომ რაიმე საკვები მიეღო..

ჩემი ოცნება და ყველაფერი, რაც ახლა მაქვს კლუბ „პეკუნინოსში“ დაიწყო. ეს ნიშნავს „პატარებს“. რეალურად, ეს ბევრად მეტია, ვიდრე საფეხბურთო კლუბი. იცით სად ვვარჯიშობდით? ასფალტის მოედანზე, რომელიც ციხის გარეთ მდებარეობდა. ბავშვების გარდა იქ მხოლოდ პოლიციელები თამაშობდნენ..

9 წლის ასაკში იქ ჩემს მეგობარ ფაბინიოსთან ერთად მივედი. ტყის გადალახვა საკუთარი საფეხბურთო ბუცებით მოგვიწია. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ შევხვდით ბიჭს, რომელმაც ჩვენი მთელი ცხოვრება შეცვალა. მას ხოსე ფრანცისკო მამედე ერქვა. ის ყველაზე ახალგაზრდა გუნდის მწვრთნელი იყო და მან თქვა: „რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა შემდეგ მატჩში მიიღოთ..“

ყველაზე სასიამოვნო იცით რა იყო? ეს კლუბი ბავშვებისგან ფინანსური სარგებლის მიღებას არ ცდილობდა. ასე რომ, არც კონტრაქტი არსებობდა და არც რაიმე მსგავსი. მათ უბრალოდ ჩვენი გაზრდა და განვითარება სურდათ.

ასევე, მათი მიზანი ბავშვების ქუჩიდან მოშორება და საკვების მიცემაა. ეს კლუბი დიდი და ცნობილი არ არის, მაგრამ იქ სასწაულებს ახდენენ..

ხანდახან ბავშვები ავტობუსით 1 საათი მხოლოდ იმიტომ მგზავრობდნენ, რომ მცირე საკვები მიეღოთ.. მწვრთნელი ბრინჯს, ლობიოს და პურს გვაძლევდნენ. ჩვენ კი სახლში მიგვქონდა და დაახლოებით 1 თვე გვყოფნიდა..

სასაცილო კიდევ ის იყო, რომ მამედს ძველი თეთრი „ფოლკსვაგენი“ ჰყავდა, რომელიც 70-იან წლებში იყო გამოშვებული. ჩვენ იმდენად პატარები ვიყავით, რომ 8-9 ბავშვი ვეტეოდით და ვარჯიშზე ხშირად ასე დავყავდით.

რასაც ის კლუბი ბავშვებისთვის აკეთებდა წარმოუდგენელია..

ბრაზილიაში ჩვენ გვაქვს სახელი ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც მამედეა: „გმირი დიდების გარეშე“..

და ეს არის ის, რაც ის ამდენი ბავშვისთვის იყო.. მამედემ და სხვა მწვრთნელებმა ცხოვრების შანსი მოგვცეს..

ჩემთვის ფეხბურთი და ბურთის სიყვარული ყველაფერი იყო!! პეკუნინოსი კვირაში მხოლოდ ორჯერ ვარჯიშობდა და ამის გამო მე ქუჩაშიც ვვარჯიშობდი. ამას ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი. ვარჯიშის მერე კვლავ ქუჩაში ვრჩებოდით, გოგოებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთს დავცინოდით..

სახლში ბევრი საქმე არ იყო. მამაჩემმა ოჯახი ჩემს დაბადებისთანავე დატოვა. ამიტომ, დედას ბევრი მუშაობდა უწევდა, რომ მე და ჩემი და-ძმა გამოვეკვებეთ. დედა ქალაქში ერთ-ერთ მდიდრული სახლის დამლაგებელი იყო. მე კი ჩემს ერთ-ერთ ძმასთან საწოლს ვიზიარებდი..

ზოგიერთ ბავშვს ვიდეო თამაშები ჰქონდა. მე კი მხოლოდ ბურთი და ფანტაზია. ეს მართლაც ძალიან კარგი იყო, რადგან ამ ყველაფერმა ნამდვილი ბავშვობა მაჩუქა..

როდესაც 13 წლის ვიყავი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ფაქტი მოხდა. ჩემი კლუბი ტურნირზე გავიდა, სადაც უფრო მდიდრულ გუნდებთან უნდა გვეთამაშა. 12 გოლზე ნაკლები ფინალამდე არ გაგვიტანია. ფინალში კი „პორტუგეს დესპორტოს“ შევხვდით.

სიტუაცია ფილმს ჰგავდა. მე ვიყავი იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც ტყეში ვარჯიშობდა, ხოლო ჩვენს წინ მდიდრული გუნდი იდგა. ერთმანეთს ვამხნევებდით და ვეუბნებოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო..

თამაშის დღეს ისეთი წვიმა და ქარიშხალი იყო, რომ მატჩის გადადებაზე დაიწყო საუბრები.. საბოლოოდ ასე არ მოხდა და ტალახიან მინდორზე ვითამაშეთ. ისეთი ტალახიანი იყო, რომ ვერცერთი ჩვენი ფეხბურთელი ფეხზე ვერ ძლებდა. გაუგებარი მიზეზების გამო, „პორტუგესას“ ფეხბურთელები ძირს არ ეცემოდნენ..

მათ ნამდვილი ლითონის სამაგრები ჰქონდათ. ისეთები, რომლებიც წვიმის დროს შეიძლება გამოიყენო.. ჩვენ კი გაცვეთილი და ღარიბული ბუცები გვეცვა..

და მახსოვს იმ მომენტში გავიაზრე, რომ ეს იყო ცხოვრება!!

გამარჯვებისთვის ყველაფერი გავწირეთ, მაგრამ საბოლოოდ 2:4 წავაგეთ.. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა პორტუგალიელები თასს ზეიმობდნენ.. ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამართლიანი არ არის. ასე რომ, პრობლემების მოგვარების გზები უნდა ეძებო..

ეს იყო შესანიშნავი გაკვეთილი შესანიშნავ დროს, რადგან ჩემი ცხოვრების შემდეგი წლები ძალიან რთული იყო. ბრაზილიაში, თუ ოცნებობთ იყოთ პროფესიონალი ფეხბურთელი, ჩვეულებრივ, 12 ან 13 წლის ასაკში დიდი კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში უნდა იყოთ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ყველაფერი არ გამომდიოდა..

შესარჩევ ვარჯიშზე „სან პაულუს“ აკადემიაში მივედი და მწვრთნელს მოვეწონე, მაგრამ მითხრეს, რომ აკადემიაში ღამით ჩემი დასარჩენი ადგილი არ იყო. კლუბი ჩემი სახლიდან ძალიან შორს იყო. ყოველდღე ავტობუსით უნდა მევლო და სკოლა მიმეტოვებინა.. ეჰჰ დედაჩემი კი.....

ის ამის მიღებას ნამდვილად არ აპირებდა. მისთვის პრიორიტეტი ჩვენი სკოლაში სიარული იყო..

დედაჩემის ვალი დღემდე მაქვს, რადგან ბრაზილიაში 12-13 წლის ბავშვები უკვე მუშაობას იწყებენ, რათა ოჯახს დაეხმარონ. დედაჩემმა ეს არ გააკეთა. მას გაურკვეველი მიზეზების გამო ჩემი სჯეროდა და მუდამ განვითარებისკენ მომიწოდებდა..

ასე რომ, 13 წლის ასაკში, ვარჟეაში მოზრდილ მამაკაცებთან დავიწყე თამაში..

კარგი... ახლა რაზეც ვისაუბრებ „სან პაულუში“ ყველამ იცის, მაგრამ სხვებისთვის აუცილებლად ავხსნი ყველაფერს..

ვარჟეა ჰგავს ქუჩის კალათბურთს ამერიკაში, ან ნახევრად პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგებს ევროპაში. მოედნები ჭუჭყიანია და თქვენ თამაშობთ მარმანჯოს - "მძიმე კაცების" წინააღმდეგ. ეს თამაში ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. მოედანზე ბევრი საზიზღარი რამ ხდებოდა..

ერთი მომენტი კი არასდროს დამავიწყდება..

ერთ-ერთ დიდ გუნდს ვუპირისპირდებოდით, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა ძლიერი შემადგენლობა. ისინი უფრო მაღალი ლიგიდან გამოაგდეს და ამის მიზეზის გაგება არავის გვსურდა.. არადა ამაზე ბევრი ბავშვი სვამდა კითხვას..

ქვედა ლიგაში ეს მათი დაბრუნებიდან პირველი წელი იყო და ჩვენ მათ ზედა ლიგაში კვალიფიკაციისთვის ვეთამაშებოდით. მატჩის წინ, კარგად მახსოვს როგორ მიყურებდნენ მათი ფეხბურთელები..

„ვინ ეს პატარა ბავშვი? სერიოზულად?“

მატჩიდან ოთხი წუთის შემდეგ, მათ საუკეთესო მცველს დრიბლინგი გავუკეთე და გოლი გავიტანე. ისინი ისე მიყურებდნენ, რომ მეგონა იქ მოკვლას მიპირებდნენ..

ბურთის მიღების დროს სულ ფეხებში მირტყამდნენ.. თითქოს გაგიჟდნენ!! მათი გუნდის ერთ-ერთ ნახევარმცველი მოძალადეს სახელით იყო ცნობილი. ის გამუდმებით მეუბნებოდა, რომ ფეხს მომტეხდა..

ბურთი მივიღე და პირდაპირ იმ ბიჭის მოტყუებაზე წავედი..

ცრუ მოძრაობა გავუკეთე და ვაიძულე, რომ ძირს უკანალით დაცემულიყო..

მართლა მეგონა, რომ მომკლავდნენ..

მაგრამ.. რა შემიძლია ვთქვა? როდესაც ბურთი ფეხებთან მაქვს სულ სხვა სამყაროში ვარ.. ავიღე ბურთი და ჩემს თანაგუნდელს გოლის გასატანად უაზრო პასი გავუკეთე..

ბრბო გაგიჟდა..

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და ჩვენ პენალტების სერიაში მოვიგეთ. მოძალადე ფეხბურთელმა მითხრა: „მე დაგპირდი, რომ ფეხებს მოგტეხავ, ავტოსადგომზე შევხვდებით..“

მეგონა, რომ იქიდან ვერ გავაღწევდი, მაგრამ ჩემმა თანაგუნდელებმა დამიცვეს, ავტოსადგომამდე მიმაცილეს და სახლში უსაფრთხოდ წავედი..

ეს ისტორიის დასასრული არ არის. 1 წლის წინ, შობაზე ბრაზილიაში დავბრუნდი, რათა ოჯახი მომენახულებინა. საბუთების გამო ბანკში მომიწია წასვლა. ბანკის ავტოსადგომზე გავჩერდი, სადაც დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭს ბილეთი უნდა მოეცა..

ის ბიჭი საიდანღაც მეცნო..

მანაც ისე შემომხედა, თითქოს მიცნობდა..

ბილეთი მომცა..

მაგრამ ისევ მიყურებს..

და მან თქვა: „ჰეი, პატარა ბიჭო!“

კარგად დავაკვირდი და საუბარი გააგრძელა:

„გახსოვარ? ვარჟეაში შენი ფეხების დამტვრევას ვაპირებდი..“

რატომღაც იმ მომენტში დავიძაბე.. არ ვიცოდი რის გაკეთებას აპირებდა..

შემდეგ მან თქვა: „იცი? მე მართლა ვაპირებდი შენი ფეხების მოტეხას..“

მე სიტუაციის განმუხტვა მინდოდა და ვუთხარი: „მგონია, რომ ხუმრობდი. შენ ამას არ იზამდი..“

„ამას მართლა ვაპირებდი, მაგრამ ახლა შენ ჩემს საყვარელ კლუბში თამაშობ და ძალიან მიყვარხარ!! წარმოიდგინე, მართლა, რომ მომეტეხა შენთვის ფეხები..“

ბევრი ვიცინეთ და მასთან ერთად სურათი გადავიღე..

ჩვენ გვაქვს გამოთქმა ბრაზილიაში და ეს ერთადერთი გზაა იმის აღსაწერად, რაც დამემართა. ჩემი ცხოვრება წყლიდან ღვინოდ გადაიქცა. წლების წინ მე ვარჟეაში ვთამაშობდი და უბრალოდ გადარჩენას ვცდილობდი. მე ვითამაშე უამრავ პერსპექტიულ მოთამაშესთან, რომლებიც ახლა უბრალოდ ავტობუსს მართავენ. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ ისინი ნიჭიერები არ იყვნენ.. ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული.. ზოგს საარსებო მინიმუმი სჭირდებოდათ და ოცნების გაგრძელება არ შეეძლოთ..

დედაჩემის მხარდაჭერა, რომ არ მქონოდა, ალბათ მეც ამ გზას დავადგებოდი..

15 წლის ასაკში „პალმეირასში“ ჩავირიცხე და ყველაფერი იქიდან დაიწყო.. ამის ახსნა არ შემიძლია!! რაღაცნაირად ბედისწერას ჰგავდა.. ღმერთმა ყველაფერი მშვენივრად დაწერა. ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი და ჩემს პირველ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.. სულ მალე პირველ გუნდში დამაწინაურეს და ამის შემდეგ რიოს ოლიმპიადაზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვითამაშე..

როცა დამირეკეს უსაზღვრო ემოცია დამეუფლა..

ალბათ ყველას გახსოვთ ჩემი ცნობილი სურათი. ბრაზილიის ქუჩებში კედლებს ვღებავ, რათა ჩვენი ქუჩები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უფრო ლამაზი ყოფილიყო.. ნაკრებში გამოძახებიდან ეს 2 წლით ადრე ხდებოდა..

დაუჯერებელია.. მე ნეიმართან ერთად უნდა მეთამაშა!! როდესაც ყვითელი მაისური ჩავიცვი ეს ოცნების ახდენას ჰგავდა..

2016 წლის ოლიმპიადა ბრაზილიის ნაკრებისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენ ოლიმპიური ოქრო არასდროს გვქონდა მოგებული.. დაძაბული ფონი იყო.. ამას 2014 წელს განცდილი კრახი იწვევდა. პირველი ორი მატჩი კარგად ვერ ვითამაშეთ და კრიტიკა დავიმსახურეთ.. განსაკუთრებით ნეიმარს აკრიტიკებდნენ.. მისით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ასეთ მძიმე პირობებში ყველაფერი გადალახა და გუნდს დიდებულად გაუძღვა..

იცით? ტურნირის დაწყებამდე ნეიმარის რიგითი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ახლა მისი გაცნობა და ერთად თამაში.. ეს განსაკუთრებული იყო იმის გამო, თუ როგორი ადამიანია „ნეი“..

ოქროს მედალი მოვიგეთ და წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა.. ტურნირის წინ ნეიმარმა სვირინგი დაიხატა და მეც შთაგონება მეწვია. სვირინგი ასე გამოიყურებოდა: „პატარა ბავშვი გორაკის ძირში დგას და ფაველებს ათვალიერებს. მას მხოლოდ ბურთი უჭირავს და ოცნებობს..“

ის სვირინგი თითოეულ ბრაზილიელს აღნიშნავს!!

„მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. ის ძალიან განსხვავდება ბრაზილიისგან.. რამდენიმე სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ გუარდიოლას ფაქტორმა ჩემ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა..

პირველად მივდიოდი ქვეყანაში, სადაც ძალიან ცივა და ენა არ ვიცოდი. ეს დიდი გამოწვევა იყო.. პეპმა პირადად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა.. „სიტის“ მომავლისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა ვყოფილიყავი..

ეს ზარი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან დავინახე, რომ გუარდიოლა ჩემს მომავალზე ზრუნავდა.. პეპი ყველაზე გულწრფელი ადამიანია და ეს ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს..

ბევრი აღარ მიფიქრია.. დავთანხმდი..

სანამ „ქალაქელებს“ შევუერთდებოდი ერთი საქმე მქონდა დასამთავრებელი.. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ თავი უნდა დასრულებულიყო..

მე დავბრუნდი იქ, სადაც პეკუნინოსი ვარჯიშობდა.. ბავშვებისთვის 250 წყვილი სულ ახალი ბუცი ვიყიდე..

ახლა როცა პეკუნინოსი რომელიმე დიდი გუნდის წინააღმდეგ ტალახში ითამაშებს, მათ ფეხი აღარ დაუცურდებათ..

არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ, როდესაც „მანჩესტერ სიტიში“ გადავედი თავიდან თავს დაკარგულად ვგრძნობდი.. დედასგან შორს ვიყავი. ის ხშირად ჩამოდიოდა ინგლისში მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ის ჩემთვის დედაც იყო და მამაც!!

მახსოვს, როცა პეკუნინოსში ვთამაშობდი ბავშვებს მამები დაჰყვებოდნენ.. მე კი არა.. ეს ჩემთვის მძიმე იყო.. ახლა როცა ვინმე მამაზე მეკითხება ვამბობ, რომ დედაჩემია მამაჩემი!! მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის..

ის კიდევ ერთი გმირი იყო დიდების გარეშე..

დღესაც კი, როდესაც გოლი გამაქვს აღნიშვნისას ტელეფონზე დარეკვის იმიტაციას ვაკეთებ.. არ აქვს მნიშვნელობა დედა სტადიონზეა, თუ არა..

როცა ბავშვები ვიყავით, დედაჩემი სულ მირეკავდა, რომ გაერკვია სად ვიყავი და თუ არ ავიღებდი, ყველა ჩემს მეგობარს ურეკავდა..

მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ცხოვრებაში ამდენს მივაღწევდი.. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ბავშვი არსებობს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის კედლებს ხატავენ.. ისინი დიდ კლუბებში არ თამაშობენ ან შესაძლოა მათ ეუბნებიან, რომ არ გამოუვათ...

მათ ვეტყოდი, რომ არასდროს შეწყვიტონ ბრძოლა..

გახსოვთ? მე მეუბნებოდნენ, რომ ფეხის მოტეხას მიპირებდნენ..

თუ თქვენს ოცნებას გააგრძელებთ, ვინ იცის სად შეიძლება მოხვდეთ?..

წყალი შეიძლება ღვინოდ იქცეს..

ასე რომ ყველა იმ ბავშვს.. თუ ჩემს ისტორიას კითხულობთ თქვენთვის კიდევ ერთი შეტყობინება მაქვს..

არასდროს შეწყვიტო ოცნება..

და გთხოვთ, კიდევ ერთი რამ გააკეთეთ ჩემთვის..

დაურეკე დედას, მას შენ ენატრები..“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ

გაზიარება: