ბუსკეტსი: “ევროპის ფარგლებს გარეთ ვითამაშებ და შემდეგ მწვრთნელი გავხდები“
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბუსკეტსი „ბარსელონას“ დატოვებს. ვეტერანი ესპანელი კატალონიურ რადიოს ესტუმრა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ბუსკეტსი:
„გუნდის დატოვების გადაწყვეტილება დამიჯერეთ ადვილი არ იყო. ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. გამიმართლა, რომ ბარსაში15 წელი ვითამაშე. აქ ჩემს ოჯახთან ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ახალი რაღაცები მინდა გამოვცადო.
4 შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ყველა ევროპის გარეთ არის. არ ვარ დარწმუნებული, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობის მიღებას შევძლებ. ისეთ ადგილზე უნდა წავიდე, სადაც ცხოვრების მაღალი ხარისხია, რადგან ესპანეთის დატოვება ჩემს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე. ასევე, გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სპორტული ნაწილი.
ვინ უნდა შემცვალოს? არჩევანი ჩემზე, რომ იყოს როდრის ავირჩევდი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნებოდა. ზუბიმენდი, თუ კიმიხი? ვფიქრობ, ზუბიმენდი ჩვენს სტილს უფრო მოერგება. ასევე არის ნიკოს ვარიანტი, რომელიც ახლა იჯარის წესით „ვალენსიაში“ თამაშობს. სამომავლოდ მსურს, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ 25 ადამიანის მართვა რთული იქნება.“
შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსმა ყველა ტურნირზე ერთად „ბარსელონას“ რიგებში 722 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.