ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, საბა საზონოვი
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია“ - საზონოვის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველმა, საბა საზონოვმა რუსულ „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და საქართველოს ნაკრებში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.

რა თქვა საზონოვმა:

ხვიჩას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მას სოციალურ ქსელში მივწერე და ჩემპიონობა მივულოცე. ფორმალურად მიპასუხა, მადლობა მითხრა. კიდევ რამდენიმე შეტყობინება იყო, რომლის გასაჯაროებაც არ მინდა. მის წარმატებაზე ვისაუბრეთ. ვიტყოდი, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. პირველივე წელს, ასეთ ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა და „ნაპოლისთან“ ერთად, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოპოვება ძალიან ბევრს ნიშნავს. ის დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს. მათ თამაშს ვუყურებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ.

საქართველოს ნაკრებში მის გამოსვლას ძალიან კარგად აფასებენ, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისას. ყველა კარგად თამაშობს. საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და ერთმანეთით ყველა ბედნიერები ვართ. ერთმანეთთან კონტაქტი ყველას გვაქვს და წარმატებებს ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს.

ხვიჩას დიდი პოტენციალი აქვს, რომ ეროვნული ნაკრების ლეგენდა გახდეს, ისევე როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს. მეტიც, ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდი ვართ და ამის შანსი ყველა ფეხბურთელს ექნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლთან ერთად, 16 საგოლე გადაცემას შეასრულა. მიმდინარე თვის დასაწყისში, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სერია A-ს ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა. „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრას 4 ივნისს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან“
„კვარაცხელიას ცხელი ივნისი - ქორწილი და ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან“