დორტმუნდის ბორუსია, მარკო როისი
Aa
Aa

14 საინტერესო ფაქტი მარკო როისის შესახებ

მარკო როისი  გერმანელი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვნებითა და ტექნიკური უნარებით. დაიბადა 1989 წლის 31 მაისს დორტმუნდში, გერმანიაში. როისს შთამბეჭდავი კარიერა აქვს, როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე თავდამსხმელის, როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 14 საინტერესო ფაქტს მარკოს შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

„დორტმუნდის“ უარი 16 წლის ასაკში

33 წლის ნახევარმცველი „დორტმუნდმა“ 2012 წელს 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ „ბორუსიას“ ფული არ გადაეხადა.

6 წლის ასაკში როისი „დორტმუნდის“ აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც თითქმის 10 წელი გაატარა. სამწუხაროდ მას პირველ გუნდში დაწინაურების შანსი არ მისცეს. ამის მიზეზი კი მისი სუსტი აღნაგობა გახლავთ. მარკომ „გლადბახში“ გადასვლამდე კარიერა „როტ ვაის ალენში“ გააგრძელა.

ვან ბასტენის გამო დარქმეული სახელი

როისი 1989 წელს დაიბადა. როდესაც დედამისი ორსულად იყო სახელი უკვე შერჩეული ჰქონდა. მის მშობლებს დენისის დარქმევა სურდათ, მაგრამ 1988 წელს ვან ბასტენის გაბრწყინების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი შვილისთვის მარკო უნდა დაერქმიათ.

მეტსახელად „ვუდი" და „დორტმუნდის პრინცი"

როისს მეტსახელი „ვუდი“ ცნობილი ანიმაციის „ვუდი კოდალას“ მიხედვით შეარქვეს. ბავშვობაში მისი ვიზუალი საკმაოდ საინტერესო იყო. მარკოს წვეტიანი ვარცხნილობისა და თავის მოძრაობის გამო თანაგუნდელმა „ვუდი“ შეარქვეს. სირბილის დროს როისი სწორედ ამ ჩიტს ჰგავდა. 33 წლის ფეხბურთელს ეს მეტსახელი დღემდე მოსწონს და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბიოგრაფიაში მითითებულიც კი აქვს - „ვუდინიო“..

„დორტმუნდის პრინცი" გერმანელის კიდევ ერთი მეტსახელია. ეს სახელი ხაზს უსვამს მის სტატუსს, როგორც დორტმუნდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ მოთამაშეს. როისის გავლენამ გუნდზე, მისმა პროფესიონალიზმმა და კლუბისადმი ერთგულებამ მას ეს მიმზიდველი მეტსახელი მოუტანა. მარკოს წვლილმა და ლიდერობამ განამტკიცა მისი, როგორც მთავარი ფიგურის რეპუტაცია.

შეიძლებოდა პილოტი ყოფილიყო

როისს წარმატებული საფეხბურთო კარიერა აქვს, თუმცა მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მის მშობლებს ფეხბურთი არ უყვარდათ და პილოტობას აიძულებდნენ. აღსანიშნავია, რომ ასეთმა მიდგომამ მარკოს ფრენა შეაყვარა და ეს საქმიანობა დღემდე ხიბლავს.

„ფრენა ბავშვობიდან მიყვარს. სახლში სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ პილოტი უნდა ვყოფილიყავი. ფრენა მაშინაც მიყვარდა და ახლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

- თქვა როისმა

ერთგულება ყველაფერს ნიშნავს

თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ერთი კლუბის ერთგულები რჩებიან. როისი კი ამის ნათელი მაგალითია.

როისის მემკვიდრეობა მის ინდივიდუალურ მიღწევებს სცილდება. მან წარუშლელი კვალი დატოვა „დორტმუნდში“, გახდა გულშემატკივართა ფავორიტი და კლუბის აღორძინების სიმბოლო. ბევრი დიდი კლუბი ცდილობდა მის გადაბირებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ამ ლამაზი ურთიერთობის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მსუყე შეთავაზების მიუხედავად, „ბორუსიას“ მისი გაყიდვა არასდროს უფიქრია.

სამუდამო მეგობრობა

როისი დღემდე ძალიან ახლოს არის მარიო გიოტცესთან. საინტერესოა, რომ ისინი „დორტმუნდის“ აკადემიაში ერთად 6 წელი იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ იცნობდნენ. ისინი მაშინ დაახლოვდნენ, როდესაც 2009 წელს „გლადბახში“ გადავიდა.

„ბორუსიაში“ თამაშის დროს მათ ტელეპათიური ურთიერთგაგება ჰქონდათ და სასიკვდილოთ დუეტად იქცნენ. მარიო 2013 წელს „ბაიერნში“ გადავიდა, მაგრამ ამან მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო. მითუმეტეს მაშინ, როცა გერმანიის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გიოტცემ გამარჯვება მარკო როისს მიუძღვნა და სტადიონზე მისი მაისურით გადაადგილდებოდა.

ჯასტინ ბიბერის ფანი

ერთ-ერთ ინტერვიუში, მარიო გიოტცემ განაცხადა, რომ როისი ჯასტინ ბიბერის ფანია. მისი თქმით, მარკო ჯასტინს გამუდმებით უსმენს და მის სიმღერებს ხშირად მღერის. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მატჩის წინ, როისი სწორედ ბიბერს უსმენს.

სუპერმოდელი ცოლი

მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავი კარიერა აქვს, შესაძლოა მის ოჯახში მარკო ყველაზე ცნობილი სახელი არ იყოს.

მისი მეუღლე, სკარლეტი, პროფესიონალი გერმანელი მოდელია და მუშაობდა რამდენიმე დიდ კომპანიაში, მათ შორის Hyundai, Volkswagen, Drykorn და Modeca Brautmoden.  სკარლეტი ასევე ცნობილია ცხენების სიყვარულით და საკუთარი Youtube არხით. ის აღნიშნულ სოციალურ ქსელში სავარჯიშო ვიდეოებს და ვლოგებს დებს. როსის ცოლს „ინსტაგრამზე“ 260 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც მის დიდ პოპულარობაზე მეტყველებს.

 

როისის კერპი

გერმანელი ვარსკვლავი „არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველის, ტომას როსიცკის დიდი გულშემატკივარია, რომელმაც „დორტმუნდში“ 6 სეზონი გაატარა.(2001-2006) წლებში. მარკომ აღიარა, რომ მისი ინსპირაციის წყარო სწორედ როსიცკი იყო.

მატჩისწინა რიტუალები

ცნობილია, რომ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი რიტუალები და ცრურწმენები აქვთ. „დორტმუნდის“ ვარსკვლავი კი მათგან არაფრით განსხვავდება.

ნებისმიერ თამაშამდე, როისი ითხოვს, რომ გასახდელში მუსიკა მაღალ ხმაზე ჩართონ. ასევე, 33 წლის შემტევი წინდას და ბუცს ყოველთვის ჯერ მარჯვენა ფეხზე იცვამს, ხოლო შემდეგ მარცხენაზე. ამის პარალელურად, როისი სტადიონზე გასვლის დროს პირველ ნაბიჯს ყოველთვის მარცხენა ფეხით დგამს.

როისს ასევე ხელის ჩამორთმევის განსხვავებული სტილი აქვს. 2015 წელს, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მარკო ობამეიანგს, გიუნდოგანს და შაჰინს განსხვავებულად ართმევს ხელს.


სანაკრებო წყევლა

მარკოს სანაკრებო კარიერა შეიძლება ითქვას დაწყევლილია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პირველი მატჩისწინა გახურების დროს ტრავმა მიიღო და სახლში დაბრუნდა.

2014 წელი ტრავმა და მუნდიალის გამოტოვება. 2016 წელს ზუსტად იგივე მოხდა, რაც 2012 წელს. მატჩისწინა გახურება და ტრავმა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და გერმანია ჯგუფში ჩარჩა. ევრო 2020-ზე ტრავმა. როისმა დაზიანების გამო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.

სვირინგები

არსებობენ სპორტსმენები, რომლებსაც სხეულზე უამრავი სვირინგი აქვთ. გამონაკლისი არც „დორტმუნდის“ კაპიტანია. როისს მარცხენა მკლავზე თავის დაბადების თარიღი აქვს ამოსვირინგებული.

მარკოს ასევე აქვს ოპრა უინფრის ერთ-ერთი ციტატა, რომლითაც ყოველდღიურ მოტივაციას იღებს: „ცხოვრების ყველაზე დიდი თავგადასავალი შენ ხარ. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მიიღო არის ოცნების ასრულება.“

როისის მარცხენა მხარზე ამოტვიფრულია ოთხი ასო. ტ, მ, ი, მ. ტ მამის სახელი ტომასი, მ დედის სახელი მანუელა, ი მისი დის სახელი ივონი, მ ასევე მისი მეორე დის სახელი მელანი.

 

FIFA 17-ის გარეკანის ფოტო

როისის ფანტასტიკური სათამაშო სტილი და მისი საფეხბურთო შესაძლებლობები მცველებს თავბრუს ახვევს. ეს ყველაფერი კი მას გლობალურ ვარსკვლავს აქცევს.

2016 წელს, FIFA-მ საკუთარი გარეკანის ასარჩევად გამოკითხვა ჩაატარა. მონაწილეობას ხამეს როდრიგესი, ენტონი მარსიალი, ედენ აზარი და მარკო როისი იღებდნენ. გერმანელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ქველმოქმედი

მარკო როისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია ფეხბურთელებს შორის. ის თითქმის ყოველ კვირას სტუმრობს დორტმუნდში მდებარე ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს და მათ საკუთარი ხარჯებით მკურნალობს.

33 წლის ფეხბურთელი ასევე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებსაც ეხმარება. ასევე, 2020 წელს მარკომ და მისმა მეუღლემ ადგილობრივ კლინიკებს კორონავირუსის პანდემიის დამარცხების მიზნით 500 000 ევრო შესწირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ