„კონტე კვარას ალბათ ვინგ-ბექად აქცევს“ - Forbes-ის სტატია სპალეტის შემცვლელებზე
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Forbes-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ნაპოლის“ ამჟამინდელი თავკაცის, ლუჩანო სპალეტის სავარაუდო შემცვლელებზე ისაუბრა. სტატიის ავტორი ყველა ვარიანტს მიმოიხილავს და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.
„სპალეტის წასვლის გამო, სამპდორიასთან გასამართი შეხვედრა ემოციურად დატვირთული იქნება და საკითხავია, მას ვინ ჩაანაცვლებს. ლუჩანოს სავარაუდო შემცვლელად ანტონიო კონტეს, რაფა ბენიტესს, ტიაგო მოტას, ვინჩენცო იტალიანოს, რობერტო დე ძერბის, ჯან პიერო გასპერინისა და ლუის ენრიკეს ასახელებენ.
ზემოთ ხსენებული სპეციალისტებიდან, ნაპოლისთვის კატასტროფული კონტესა და ბენიტესის დანიშვნა იქნება. ორივე მათგანის სტილი ეწინააღმდეგება ფეხბურთს, რომელსაც მიმდინარე სეზონში სპალეტის ბიჭები აჩვენებენ. კონტე გუნდს ალბათ კიდევ ერთ სკუდეტოს მოუტანს, მაგრამ საკითხავია, შეეწყობა თუ არა მისი ფიცხი ხასიათი დე ლაურენტისის მსგავს პიროვნებას. კონტეს დანიშვნის შემთხვევაში, გასაკვირი არ იქნება, მან კვარაცხელია ვინგ-ბექად აქციოს და სატრანსფერო ბიუჯეტის ნაკლებობაზე იწუწუნოს.
ბენიტესი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. არა იმიტომ, რომ იგი კლუბს გასულ დეკადაში წვრთნიდა. უბრალოდ, ფეხბურთმა ბენიტესის ფილოსოფიას გაუსწრო და ნაპოლის შემადგენლობა მის სტილს კარგად ვერ მოერგება.
პარტენოპეისთვის საუკეთესო ვარიანტი იტალიანო ან დე ძერბი არიან. ორივე მათგანი შეტევაზე ორიენტირებული თავკაცია, რომლებიც სატრანსფერო ბიუჯეტით დიდად არ არიან დაინტერესებული. დე ძერბის ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა, რადგან მან ბრაიტონში ბრწყინვალე სამუშაო გასწია, კრიტიკოსების გული მოიგო და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეც წარადგინეს. ის ფაქტი, რომ ბრაიტონმა ევროტურნირების საგზური საკუთარ ისტორიაში პირველად მოიპოვა, დე ძერბის მიერ გაწეულ სამუშაოს იდეალურად აღწერს. საქებარი სიტყვები იტალიანომაც დაიმსახურა, რადგან მისი ფიორენტინა ორ ფინალში გავიდა და ვიოლა ევროტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას 33-წლიანი პაუზის შემდეგ მიიღებს.
იტალიანოს 4-3-3 სქემა მას სპალეტის საუკეთესო შემცვლელად აქცევს. დე ლაურენტისი მას ჯერ კიდევ მაშინ გულშემატკივრობდა, როცა იგი სპეციაში მუშაობდა და თუ ფიორენტინამ კონფერენს ლიგა მოიგო, ვინჩენცო ფარულ გასაუბრებას წარმატებით გაივლის.
საინტერესო კანდიდატურები გვყავს გასპერინისა და ლუის ენრიკეს სახით. ჯან პიერო ხვდება, რომ უახლოეს პერიოდში ლა დეას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მცირე შანსი აქვს და შესაძლოა, ბერგამოში მისი მუშაობა ფინიშს უახლოვდებოდეს. გასპერინის დიდ კლუბში თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მისცემია, თუ რა თქმა უნდა, 2011 წელს, ინტერში გატარებულ 3-თვიან პერიოდს არ ჩავთვლით.
ლუის ენრიკე ყველაზე დამაინტრიგებელი ვარიანტია. ესპანელ სპეციალისტს ალბათ ჰგონია, რომ სერია A-ში საქმე აქვს დასამთავრებელი და საკლუბო ფეხბურთში 2017 წლის შემდეგ არ უმუშავია. მისი ბარსელონას სათამაშო დოქტრინას თუ გავითვალისწინებთ, ენრიკეს დანიშვნა ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა იყოს და იგი სპალეტის მიერ დაგებულ ფუნდამენტზე გუნდის შენებას გააგრძელებს“, - წერს Forbes-ი.
შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, ყველაზე კარგი შანსი სწორედ ლუის ენრიკეს აქვს.