მდგომარეობა სერიოზულია | პარი სენ-ჟერმენის მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, სერხიო რიკო საავადმყოფოში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულია.
„სერხიოს სათანადოდ უვლიან და იბრძვის, რათა ეს მდგომარეობა დაძლიოს. საუკეთესო მკურნალობას იღებს და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რაც განსაკუთრებით მომდევნო 48 საათს ეხება. მისი მდგომარეობა სერიოზულია და მის მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან რეგულარული კონტაქტი გვაქვს“, - განაცხადა ფრანგული კლუბის წარმომადგენელმა.
უცხოური პრესის ცნობით, ინციდენტი ესპანეთში, პატარა ქალაქის, ელ როკიოს მახლობლად მოხდა. რიკო ცხენით ჯირითობდა, რა დროსაც მის ცხენს სხვა ცხენი დაეჯახა. Footmercato-ს მიხედვით, მან გადმოვარდნის შედეგად, დაზიანებები თავისა და კისრის არეში მიიღო, თუმცა ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით უცნობია.
რიკო „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რამდენიმე საათის წინ, როცა საფრანგეთის პროფესიულ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა სეზონის საუკეთესოები გამოავლინა და ლიგა 1-ში კილიან მბაპე გამოარჩია, ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლა თანაგუნდელის მხარდაჭერით დაიწყო.