საზონოვი: „ახალგაზრდული ევრო მნიშვნელოვანი ტურნირია, ხვიჩას გამო ბედნიერი ვარ“
„დინამო მოსკოვის“ ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა Metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა. საზონოვმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებასაც გამოეხმაურა.
„ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელზეც უძლიერესი ნაკრებები იასპარეზებენ. ორენბურგთან გასამართი მატჩის შემდეგ, ევროსთვის მომზადებას დავიწყებ და ბედნიერი ვარ, ამ ტურნირზე თამაშის საშუალება რომ მაქვს.
კვარაცხელიას შედეგი ნაპოლიში? ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, როცა რუბინში თამაშობდა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იტალიაში გადასვლის პირველივე წელს, ჩემპიონობის მოპოვება კლუბთან ერთად, რომელსაც 30 წელია სკუდეტო არ მოუგია, დიდი მიღწევაა. მან თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემპიონობა გუნდის დამსახურებაა. ნაპოლი კარგი გუნდია, კარგი მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა, ხვიჩას აქვს პოტენციალი, რომ საქართველოს ნაკრების ლეგენდა გახდეს. მით უმეტეს, რომ ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა ყველას აქვს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.