ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე
იტალიური გამოცემა, Il Mattino „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „პარტენოპეის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოექცა და საუბარი ეხება იმას, რაც „კვარას“ გაყვანის შემდეგ მოხდა.
„ისეთი აშკარა რეაქცია არ ჰქონია, როგორიც ოსიმენს ინტერთან ჰქონდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას სიხარულისგან ხტუნაობა არ დაუწყია, როცა გუშინ, ბოლონიასთან გამართულ მატჩში შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი მეორე ტაიმის შუა ნაწილში დატოვა და აშკარად ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო. ხვიჩა საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ალბათ არ ყოფილა და სათადარიგოთა სკამთან თავჩაღუნული მივიდა. მან სარიტუალო მისალმება მხოლოდ ჯაკომო რასპადორისთან გამოიყენა, შემდეგ კი თავისი ადგილის პოვნას, რაც შეიძლება სწრაფად, შეეცადა.
კვარაცხელიამ გუნდის კაპიტნისგან, ჯოვანი დი ლორენცოსგან მეგობრული ჟესტი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე მყოფმა იტალიელმა თანაგუნდელი გაამხნევა. ქართველი ტალანტის გაბრაზება ალბათ, ცვლილებამდე განვითარებულმა მოვლენებმაც განაპირობა. მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში, ლუჩანო სპალეტი მას მითითებებს აძლევდა და სთხოვდა, რომ როცა ბურთი მეტოქეს ჰქონდა, მეტი ყურადღება გამოეჩინა“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. „ნაპოლი“ ბოლო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.