ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი | მიქაუტაძის აღიარება საფრანგეთში
„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა ჩაატარა და მიქაუტაძეს ბრწყინვალე სეზონი დაუფასდა.
Meilleur buteur et deuxième meilleur passeur du championnat, il a éclaboussé les terrains de son talent ☨
— UNFP (@UNFP) May 28, 2023
Georges Mikautadze remporte le Trophée UNFP du Meilleur Joueur de @Ligue2BKT !
Félicitations Georges ! #TropheesUNFP pic.twitter.com/Ko8rUu2vMh
„ეს ჯილდო ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მინდა, მეცს, კლუბის პერსონალსა და სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს. რთული პერიოდი გამოვიარეთ და ეს ჯილდო მათ ეკუთვნით“, - განაცხადა მიქაუტაძემ ფრანგულ პრესასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის გარდა, აღნიშნულ ჯილდოზე ჟან-ფილიპ კრასო, ვიქტორ ლეხალი, ჯოშ მაია და ნილს ნკუნკუ იყვნენ წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ლიგა 2-ის გამორჩეულ ფეხბურთელთა დაჯილდოების შემდეგ, ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს და აღნიშნული ჯილდო „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ დაისაკუთრა.
მიქაუტაძის „მეცს“ უმაღლეს დივიზიონში აღზევების კარგი შანსი აქვს. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქართველი ფეხბურთელის კლუბი სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და „ბასტიასთან“, საკუთარ კედლებში ჩანიშნულ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლეს დივიზიონში აღზევდება. გიორგის სტატისტიკას რაც შეეხება, მას ლიგა 2-ში 23 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.