კრემონეზე ლაციოსთან დამარცხდა - ლოჩოშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“, რომელმაც სერია B-ში დაქვეითება გასულ ტურში გაინაღდა, სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 2:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა. ლოჩოშვილი დავიდე ბალარდინიმ იოჰან ვასკესით შეცვალა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, მასპინძლები მე-4 წუთზე ელსეიდ ჰიუსაიმ დააწინაურა, 34-ე წუთზე კი სერგეი მილინკოვიჩ სავიჩმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში, კრემონელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს. 54-ე წუთზე პაბლო გალდამესმა ერთი ბურთი გაქვითა, 58-ე წუთზე კი მანუელ ლაცარის ავტოგოლით „კრემონეზემ“ ანგარიში გაათანაბრა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო და მესამე ბურთი 89-ე წუთზე გაუშვა. „კრემონეზეს“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი მილინკოვიჩ-სავიჩი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც გაუნაღდა.
გამარჯვების შედეგად, „ლაციომ“ 71 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, „კრემონეზე“ კი 24 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. ლოჩოშვილის გუნდი დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ 4 ივნისს დაუპირისპირდება.