აღშფოთდა და კონტროლი დაკარგა - ბაიერნმა კანი საჩემპიონო ზეიმზე არ დაუშვა
ბუნდესლიგის ბოლო ტურში მომხდარი დრამის შესახებ დღეს ევროპული პრესის დიდი ნაწილი საუბრობს.
„ბაიერნმა“ ბოლო ტურში ჩემპიონობა „დორტმუნდის“ უნიათობის გამო მოიპოვა, თუმცა „რეკორდმაისტერი“ 2022/23 წლების სეზონით მაინც იმედგაცრუებულია და ეს გუშინ შეხვედრის შემდეგაც გამოჩნდა, როცა კლუბმა ჩემპიონობის მოპოვებიდან რამდენიმე წუთში აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი დაითხოვა.
Bild-ის ცნობით, ოლივერ კანი იმდენად აღშფოთებული იყო, რომ მისი აგრესიის გამო კლუბმა მას საჩემპიონო აღნიშვნაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
წყაროს თანახმად, ამბის გაგების შემდეგ, კანმა ნერვებზე კონტროლი სრულად დაკარგა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელიც სამშაბათს იყო დაგეგმილი, გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ არასტაბილურობის გამო იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგაზე „სიტისთან“ მატჩამდე 2 კვირით ადრე დაითხოვა და კლუბის ისტორიაში პრეცედენტი შექმნა, რომელიც აქამდე „რეკორდმაისტერისთვის“ იშვიათად ხისტი მიდგომა იყო. შედეგად, კლუბი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ბუნდესლიგის დაკარგვასთანაც ახლოს იყო, რომ არა „დორტმუნდის“ სუსტი მენტალიტეტი...