„მადლობა ქუთაისო, მადლობა ტორპედო“ - კაჭარავამ იმერული კლუბი დატოვა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კაჭარავამ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. ამის შესახებ თავად 29 წლის თავდამსხმელმა განაცხადა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქუთაისსა და „ტორპედოს“ მადლობა გადაუხადა.
View this post on Instagram
კაჭარავამ იმერულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის თებერვალში გააფორმა და „ტორპედოს“ მაისურით 14 მატჩის ჩატარება მოასწრო. ნიკას ანგარიშზე 4 გოლია, აღნიშნული 14 შეხვედრიდან კი „ტორპედომ“ 5 მოიგო, 4 წააგო და 5 ფრედ დაამთავრა.
ცნობისთვის, კაჭარავამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო, სადაც 2014-დან 2016 წლამდე თამაშობდა. კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი მან „ეთნიკოსში“ ჩაატარა და 2016-17 წლების გათამაშებაში, კვიპროსის ჩემპიონატის 27 მატჩში 16 გოლი შეაგდო.
კაჭარავას „როსტოვში“, „ანორთოსისში“, „კორონაში“, „ლეხ პოზნანში“ და „იეონნამ დრაგონსში“ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, მისი მომდევნო კლუბი რომელი იქნება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მას ევროპაში დაბრუნება სურს.