პორტუგალიაში, პოვოაში დაბადებულმა 18 წლის ტალანტმა გიორგი ქარსელაძემ, ბიჭმა ემიგრანტი ქართული ოჯახიდან, პირველი საფეხბურთო ოცნება აისრულა, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და „რიუ ავეს“ ყველა ასაკობრივი გუნდის გავლით მთავარი გუნდის მოთამაშედ იქცა. დებიუტისას გოლთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა, ამ მომენტში მისი ორი თვისება გამოჩნდა: გამბედაობა საკუთარი შესაძლებლობების რწმენით განპირობებული და მისი კარგი დაყენებული დარტყმა.
როცა მასზე პირველად დავწერე და ჟორჟე ქარსელაძედ მოვიხსენია, Instagram-ში ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა: „ჩემი სახელი გიორგია, ჟორჟეს პორტუგალიელები მეძახიან“. ანალოგიურ ვითარებაში, როცა გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო კარიერა გარკვეული არ იყო, „მეცის“ ფორვარდი არაფერს გეტყოდა, ქარსელაძე გაცილებით კომუნიკაბელურია.
თავდაჯერების, მებრძოლი სულისკვეთებისა და შრომისმოყვარეობის სინთეზი
მასთან და „რიუ ავეს“ სპორტულ დირექტორ ნუნუ ალმეიდასთან საუბრის შემდეგ ფეხბურთელზე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ერთი მხრივ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, მეორე მხრივ კი კლუბში შრომისმოყვარე ტალანტად ხასიათებდა, რომელიც ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვის, მწვრთნელებს ყურადღებით უსმენს. პლუს, მებრძოლი სულისკვეთება (Warrior spirit), რომელიც მის დახასიათებაში იკვეთება. მასში თავდაჯერების, მებრძოლი სულისკვეთებისა და შრომისმოყვარეობის სინთეზია.
ქარსელაძე ტალანტია, რომელსაც ცოტა ხნის წინ არავინ იცნობდა, მალე კი მის სანაცვლოდ მილიონებს დაუფიქრებლად გადაიხდიან.
„ქარსეს“ დღე 8 საათზე იწყება, ვარჯიშის შემდეგ თურქულ საუნაში ყინულის აბაზანას იღებს, სახლში დაბრუნების შემდეგ გაკვეთილების დროა, თანატოლების მსგავსად სკოლას ამთავრებს, თუმცა თავისი თაობის დამწყები ფეხბურთელებისგან განსხვავებით მან უკვე გადადგა ერთი ნაბიჯი უმაღლესი დონის ფეხბურთისკენ - დებიუტი უმაღლეს ლიგაში. ეს მხოლოდ ამ სეზონში, შემდეგ სეზონში კი მის აფეთქებას ელიან. წინასწარი პროგნოზი რთულია, თუმცა მას თითქმის სამი სეზონი აქვს იმისთის, რომ 21 წლის ასაკში სარფიანად გაყიდვის კანდიდატი იყოს ისეთ კონკურენტუნარიან სატრანსფერო ბაზარზე, როგორიც პორტუგალიაა.
მისი რეჟიმი მკაცრია, ფეხბურთზეა მორგებული, გაკვეთილების დასრულების შემდეგ საღამოს ოჯახში ატარებს, რადგან ყოველ დილით ვარჯიში აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, აქცენტი ფეხბურთზე უნდა გააკეთოს. ეს პოზიცია ლოგიკურია: „რიუ ავეში“ თვლიან, რომ წარმატებული კარიერის შესაქმნელად ყველა თვისება აქვს.
ჩემპიონთა ლიგასა და მუნდიალზე თამაშზე ოცნებობს. სამაგალითო ფეხბურთელებად ლიონელ მესისა და რონალდინიო გაუჩოს თვლის. შესაძლოა, ერთ დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიონ და ასევე ძალიან პერსპქტიული გიორგი გოჩოლეიშვილის მთავარი კონკურენტი გახდეს, თუმცა თუ „შახტარის“ უნივერსალი მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, როგორც ეს ნორვეგიასთან მოხდა, 3-ცენტრალურმცველიან ტაქტიკაში ვილი სანიოლის გუნდს ორი ძლიერი „ვინგბექი“ ეყოლება.
ზღვის სანაპიროზე გაზრდილი ბიჭისთვის დამახასიათებლად მისი ჰობი Futvolei-ს (პლაჟის ფრენბურთისა და ფეხბურთის კომბინაცია) თამაშია. ასევე, მოსწონს ბილიარდით გართობა. თავისუფალ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.
გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ქარსელაძესთან.
საქართველო ჩემი პირველი სამშობლოა
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახში ქართულად საუბარი პრიორიტეტს წარმოადგენდა. მშობლები პორტუგალიურად არასდროს მესაუბრებოდნენ. ქართულად წერა-კითხვა ჩემმა დამ მასწავლა. საქართველო ჩემი პირველი სამშობლოა. მშობლების დამსახურებაა, რომ ყოველთვის ცდილობდნენ არ დამეკარგა ქართული ფასეულობები.
საქართველოში ბოლოს 7 წლის წინ ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ შესაძლებლობა აღარ მქონია, მიზეზი გამუდმებული ვარჯიშებია. საქართველოში ყოფნისას ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმის გაცნობიერებამ დატოვა, რომ დიდი ოჯახი და სანათესაო წრე დამხვდა, მაშინვე საკუთარ სახლში ვიგრძენი თავი.
რადგანაც პორტუგალიაში დავიბადე და გავიზარდე, თავი ემიგრანტად არასდროს მიგრძვნია. ბავშვობის წლებთან მიმართებაში ცხოვრებისეული სირთულეები არ მახსენდება“.
საქართველოსთვის თამაშის სურვილი
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ახლახანს დამიკავშირდნენ, რადგან „რიუ ავეს“ სპორტულმა დირექტორმა ნუნუ ალმედიამ ფედერაციას ჩემი მონაცემები გადასცა.
თუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მიმიწვევენ, ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნება, საქართველოსთვის თამაშის სურვილი ნამდვილად მაქვს, თუმცა შემოთავაზებას ორივე ქვეყნის ნაკრებიდან ველოდები, როგორც საქართველოდან, ასევე პორტუგალიიდან. ვიცი რომ პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ყურადღებით მაკვირდებიან, ჩემს მიმართ ინტერესი აქვთ, მაგრამ ჯერ შემოთავაზება არ მიმიღია“.
გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები
„ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ, ორი გამორჩეული ფეხბურთელი მახსენდება, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებმაც საქართველო საერთაშორისო არენაზე წარმოადგინეს“.
პოზიციის ცვლილება
„13-წლამდე მარჯვენა გარემარბი ვიყავი, შემდეგ პოზიცია შემიცვალეს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადამიყვანეს. თუ კარიერის ყველაზე რთული პერიოდი უნდა გავიხსენო, ამ დროს გავიხსენებ, როცა ახალ პოზიციასთან ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა, თუმცა ახლა ორივე ამ პოზიციაზე თამაში მარტივად შემიძლია“.
მწვრთნელები, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს
„მწვრთნელებიდან, რომლებმაც ჩემს განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს, ჟოაუ კარნეირუსა და რობერტო ტიაგოს გამოვყოფ. კარნეირუმ საბაზისო ცოდნა მომცა. ჩემთვის ყველაზე წარმატებული 2021-22 წლების სეზონი იყო, მთავარი მწვრთნელი რობერტო ტიაგო ძალიან დამეხმარა“.
2021 წლის დეკემბერში „რიუ ავეს“ 17-წლამდე გუნდმა სტუმრად „პორტუს“ შესაბამისი ასაკობრივი გუნდი დაამარცხა (0:2). მეორე გოლი გიორგი ქარსელაძის ანგარიშზეა. მაშინ ქართველი ფეხბურთელი 16 წლის იყო, გუნდს კი რობერტო ტიაგო წვრთნიდა, რომელმაც გიორგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ფოტოზე გიორგი ქარსელაძე 2-ნომრიანი მაისურითაა.
ამავე სეზონში, 2022 წლის თებერვალში „რიუ ავეს“ 17-წლამდე გუნდმა, რომელსაც კვლავ რობერტო ტიაგო წვრთნიდა, სტუმრად „ბრაგას“ 17-წლამდე გუნდი დაამარცხა (0:1). ტრადიციულად, ქარსელაძემ სასტარტოში ითამაშა, თუმცა ამჯერად არ გაუტანია. ამ სეზონში, ამ მატჩიდან რამდენიმე თვეში „რიუ ავეს“ მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
პირველ გუნდში ადაპტაცია
„რიუ ავეს“ მთავარ გუნდში პირველად გასული წლის აპრილში ვივარჯიშე. მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. ლუიშ ფრეირეს გადაწყვეტილება, რომ პირველ გუნდთან ერთად მევარჯიშა, ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო. პირველ გუნდში სასიამოვნო გარემოა, ფეხბურთელებმა შესანიშნავად მიმიღეს, ადაპტაცია კარგად მიდის. ყველა ფეხბურთელი მხარს მიჭერს და მეხმარება. მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე პრაქტიკულ და ტაქტიკურ რჩევებს მაძლევს".
ინტერვიუს შემდეგ Individual Player Development-ზე დაყრდნობით ფეხბურთელის დახასიათებას გთავაზობთ.
ქარსელაძის, როგორც მარჯვენა მცველისა და მარჯვენა „ვინგბექის“ პროფილი
ფიზიკური პროფილით კოშტინიას მსგავსია (კოშტინია „რიუ ავეს“ სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელია, პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა). გიორგის შეუძლია 4-მცველიან ან 5-მცველიან ტაქტიკაში თამაში. 5-მცველიან ტაქტიკაში მთელ მარჯვენა ფლანგს აკონტროლებს, ჩამოდის მაქსიმალურად უკან და შეტევისას გადადის მაქსიმალურად წინ, მეტოქის მცველების უკან არსებულ სივრცეში აქიურად უტევს.
ამ ტიპის მუშაობა კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. Individual Player Development Data Analyst-ის მიხედვით „რიუ ავეს“ 17-დან 23-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ დროს მინდორზე გიორგი ატარებდა. „რიუ ავეს“ სპორტული დირექტორი ნუნუ ალმეიდა მას Outlier-ს უწოდებს, რაც მოთამაშის გამორჩეულობას უსვამს ხაზს. ამავდროულად, სირბილი მაღალი ინტენსივობით შეუძლია.
ძალიან კარგია ერთი-ერთზე თამაშისას, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევისას, როცა გარემარბის როლშია. მას მცველისა და შემტევის ფუნქციები დაბალანსებული აქვს, რაც მაღალი დონის „ვინგბექისთვის“ აუცილებელია.
საქართველოს ნაკრებში 5-მცველიან ტაქტიკაში უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს, რომელთა ფიზიკური მომზადება და ტექნიკური არსენალი დაბალანსებული არ იყო, რომელიმე მიმართულებით მოიკოჭლებდნენ (თუ არ ჩავთვლით გიორგი გოჩოლეიშვილს). ქარსელაძესთან მიმართებაში ამ ორი უმნიშვნელოვანესი თვისების ბალანსია.
აღნიშნული დახასიათება მეტწილად ასაკობრივ გუნდებში თამაშიდან გამომდინარე შედგა. ახლა მას პროფესიულ დონეზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება მოუწევს, მეტ სირთულებს მეტი ძალისხმევითა და მეტი ცოდნით უნდა გაუმკლავდეს. ეს პროცესია, განვითარების გზა. არ გვსურს შევქმნათ ილუზია, რომ სტატია მხოლოდ ფეხბურთელის დადებით თვისებებზე საუბარს მოიცავს. როგორც ლუიშ ფრეირემ აღნიშნა, ქარსელაძეს დიდი გზა აქვს გასავლელი.
რატომ დაწინაურდა ქარსელაძე „რიუ ავეს“ პირველ გუნდში?
* ძალიან კარგი პერფორმანსი 19-წლამდე გუნდში მისივე ასაკის ფეხბურთელების წინააღმდეგ.
* ძალიან კარგი პერფორმანსი 23-წლამდე გუნდში, როცა მისი მეტოქეები მასზე 3-4 წლით უფროსები იყვნენ.
* Individual Player Development Data Analyst-ის მიხედვით ქარსელაძის ფიზიკური მონაცემები იმ ფეხბურთელების მსგავსი იყო, რომლებიც მის პოზიციაზე პირველ გუნდში თამაშობენ.
* ქარსელაძემ პირველი გუნდის სავარჯიშო სესიების ერთ მეოთხედში (41 სავარჯიშო სესია) მიიღო მონაწილეობა და პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბის ყურადღება მიიპყრო.
* მატჩებში მებრძოლი სულისკვეთება აქვს (Warrior spirit), ძალიან კონკურენტუნარიანი, ინტენსიური და ენერგიულია. სწავლისთვის ღიაა. უსმენს, რასაც მწვრთნელები ეუბნებიან.
* გასახდელში გუნდს ძალიან ადვილად შეეწყო, ამ პროცესს სირთულე არ ახლდა. „რიუ ავეს“ კაპიტნებმა (ვიტორ გომეში, გუგა, უკრა) მისი ადაპტაციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
„რიუ ავეს“ სპორტული დირექტორი ნუნუ ალმეიდა CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გიორგი პირველ გუნდს ძალიან კარგად შეეწყო, ამ პროცესს სირთულეები არ ახლდა. საფეხბურთო ფუნქციონერი ქარსელაძის კიდევ ერთ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, გიორგი სიახლეების მიღების მიმართ ღიაა, მწვრთნელებს ყურადღებით უსმენს, რაც პროგრესისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. „ქარსეს“ არ ახასიათებს ზედმეტი სიამაყე და განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფიქრები, რომ უკვე ყველაფერი იცის - 18 წლის ტალანტი სწავლისკენ ისწრაფვის.
ნუნუ ალმეიდა: „პროფესიულ კარიერას რთულ საფეხბურთო ბაზარზე ძალიან ახალგაზრდულ ასაკში იწყებს, მისი დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში შედგა. „რიუ ავეს“ ისტორიიდან მსგავსი მაგალითის სანახავად, 2015-16 წლების სეზონში დაბრუნება გვჭირდება. ჩემი შეფასებით, თუ კოშტინიასა და ფაბიუ რონალდუს მაგალითს გავყვებით, ფეხბურთელს შემდეგი ნაბიჯის გადასადმელად სამი სეზონი აქვს (იგულისხმება 21-წლამდე ასაკი).
საშუალოვადიან პერიოდში ქარსელაძე „რიუ ავეს“ ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ფეხბურთელი გახდება. გვახსოვდეს მისი დებიუტი, ქარსელაძემ მისი ასაკის 30 000-ზე მეტ ფეხბურთელს გაასწრო და ახლა ის ნამდვილად პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშეა.
პორტუგალიის საუკეთესო ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხმა 18-წლამდე ფეხბურთელმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი (იგულისხმება 2005 წელს ან უფრო ადრე დაბადებულები), გიორგი მათ შორისაა. მასთან ერთად ამ სიაში მაურო კოუტუ („პაკუშ ფერეირა“), დარიუ ესუგუ (ლისაბონის „სპორტინგი“) და როდრიგუ რიბეირუ (ლისაბონის „სპორტინგი“) არიან.“
„პაკუშ ფერეირასთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „რიუ ავეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფრეირემ ქართველ ფეხბურთელზე საუბრისას აღნიშნა, რომ წარმატებული კარიერისთვის ყველა თვისება აქვს.
ლუიშ ფრეირე: „ახალგაზრდა ტალანტები პირველ გუნდში უნდა გადავიყვანოთ. ბოლო ორ სეზონში 6 ფეხბურთელი პირველ გუნდში დავაწინაურეთ, ქარსელაძე ერთ-ერთი მათგანია. ის „რიუ ავეს“ მომავლის ნაწილია. გიორგი ჯერ 18 წლისაა, მაღალ ხარისხს აჩვენებს, ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული კარიერისთვის ყველა თვისება აქვს“.
„რიუ ავეს“ პრეზიდენტმა ანტონიუ სილვა კამპუშმა ავტორიტეტულ პორტუგალიურ გაზეთ O JOGO-სთან ინტერვიუში პირველ გუნდში დაწინაურებულ გიორგი ქარსელაძესა და ჟულიენ ლომბოტოზე შემდეგი რამ თქვა:
„ისინი გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვარჯიშობენ, რაც დაგეგმარებითა და ინვესტირებითაა განპირობებული“.
დასასრულს გეტყვით, რომ სურვილისამებრ გამოხატეთ თქვენი აზრი, დაგვიწერეთ კომენტარები სტატიაში გაჟღერებული საკითხების მიმართ. ავტორი ღიაა თქვენი კრიტიკული და გულწრფელი შეფასებებისადმი.
სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში გიორგი ქარსელაძე საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.