რიუ ავე, გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა - ქარსელაძე რიუ ავეში 2027 წლამდე ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, „რიუ ავემ“ 18 წლის ქართველ ტალანტს, გიორგი ქარსელაძეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. ამპლუით მარჯვენა მცველი „რიუ ავეში“ 2027 წლის ივნისამდე ითამაშებს. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 24 მაისს მოაწერეს. კლუბი ინფორმაციას უახლოეს საათებში დაადასტურებს. 

„რიუ ავეში“ ქარსელაძეზე დიდ იმედს ამყარებენ. გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რასაც პირველ გუნდში დაწინაურება და ოფიციალური დებიუტი მოჰყვა. „რიუ ავეს“ მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე შემდეგი სეზონისთვის ქარსელაძეს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, ქარსელაძის დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გასულ ტურში „პაკუშ ფერეირასთან“ შედგა, თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანასთან ახლოს იყო, საჯარიმო დარტყმისას ბურთი კარის ძელს გაარტყა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარსელაძე პორტუგალიაში დაიბადა და გაიზარდა, ქართულად საუბრობს და როგორც პორტუგალიის, ასევე საქართველოს მოქალაქეა. გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს, თუმცა მისი პოტენციალიდან გამომდინარე რეალურია, რომ შემდეგ სეზონში პორტუგალიის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიონ. პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში მეტწილად „პორტუს“, „სპორტინგის“, „ბრაგას“, „ბენფიკასა“ და „გიმარაენშის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებს იძახებენ, თუმცა შემდეგ სეზონში გიორგი ქარსელაძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებას შეიძენს, რაც იმ ფეხბურთელებთან კონკურენციას გაუადვილებს, რომლებიც პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებში კლუბების ასაკობრივი გუნდებიდან ხვდებიან და უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ.

ასევე გეტყვით, რომ CrystalSport-ის ცნობით, „რიუ ავეს“ სპორტულმა დირექტორმა ნუნუ ალმეიდამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქარსელაძის მონაცემები ახლახან მიაწოდა, როცა მოთამაშე „რიუ ავეს“ პირველ გუნდში დააწინაურეს. ქარსელაძეს სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, თუმცა მის მიმართ ინტერესი პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს აქვთ და ქართველ მარჯვენა მცველს ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ფეხბურთელს მიწვევა პორტუგალიის ან საქართველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრებიდან არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები