„ყველაზე ძლიერი მეტოქე სერია A-ში? კვარა!“ - ამბობს ბოლონიას ფეხბურთელი
„ბოლონიას“ ფეხბურთელმა, ნიკოლა მორომ იტალიურ გამოცემას, Quotidiano Sportivo-ს ინტერვიუ მისცა. 25 წლის ხორვატს სერია A-ში ყველაზე ძლიერი ოპონენტის დასახელება სთხოვეს და მორომ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
„ყველაზე ძლიერი ოპონენტი, რომელსაც სერია A-ში შევხვედრილვარ? მას აქამდეც კარგად ვიცნობდი და საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზე მაქვს. მის წინააღმდეგ რუსეთში მითამაშია, როცა კვარა რუბინის ღირსებას იცავდა. კვარაცხელია ყველას სცდებოდა და მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. მის მიერ იტალიურ ფეხბურთზე მოხდენილი გავლენა არ გამკვირვებია, რადგან აქამდეც ვიცოდი, რა შეეძლო“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 32 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.
სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. „პარტენოპეის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 28 მაისს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.