მამარდაშვილი, დურო და ვინისიუსის წითელი | Mundo Deportivo-ს ჰიპოთეზა
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ სტატია გამოაქვეყნა და ლა ლიგაში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. Mundo Deportivo „მესტალიაზე“, „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის მომხდარ ინციდენტსა და რასისტულ სკანდალსაც გამოეხმაურა და საკუთარ მკითხველს საინტერესო ჰიპოთეზა გაუზიარა.
„ვალენსია დასაჯეს და ვნახოთ, ღამურები ჭკუას თუ ისწავლიან. გარდა ამისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვინისიუსის წითელიც გააუქმა. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება თუ მისი მხრიდან აგრესიას ადგილი აშკარად ჰქონდა? მატჩის ბოლოს მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების განხილვის შემდეგ, მამარდაშვილი და უგო დუროც უნდა დაესაჯათ, მაგრამ ვალენსია უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ქართველი მეკარის გარეშე ბევრად სუსტი გუნდია. იგივეა დუროს შემთხვევაში და მის გარეშე ღამურები ვერ იგებენ. დაუსჯიათ სხვები, მაგრამ აპატიეს მათ, ვისაც სანერვიულო ტურებში ვალენსიას დახმარება შეუძლიათ. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. შეხვედრის მიწურულს, ბრაზილიელსა და „ღამურების“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მსაჯმა „ვინის“ წითელი ბარათი უჩვენა.
ვინისიუსის ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და VAR-ის პერსონალი დასაჯა. მათ მთავარი არბიტრისთვის არ უთქვამთ, მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდა და ყველა რაკურსიც არ უჩვენებიათ. შედეგად, VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბრაზილიელს კი წითელი ბარათი გაუუქმეს.