პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?
ყოველი სეზონის ბოლოს პსჟ-ს შესახებ ერთი და იმავე კითხვას სვამენ - დაიშლება თუ არა გუნდი? ამჯერადაც, ფრანგული პრესა დარწმუნებით წერს, რომ მესი და ნეიმარი გუნდს დატოვებს. თუმცა რა მოხდება მბაპეს შემთხვევაში?
ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის „რეალთან“ სიმპათიები, რომ აკავშირებს ეგ ახალი ამბავი არ არის. მბაპემ მადრიდელთათვის რამდენიმე უარის თქმის შემდეგ, „სამეფო კლუბთან“ ურთიერთობა გაიფუჭა, თუმცა ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრები მაინც არ სრულდება.
RMC Sport-ი წერს, რომ ამ ზაფხულს ეს ტრანსფერი მაინც ნაკლებ სავარაუდოდა, რადგან, თუ კილიანი პარიზში დარჩება, ის კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთგულების ბონუსს 90 მილიონ ევროს მიიღებს.
რამდენად იტყვის მბაპე ამ ასტრონომიულ თანხაზე უარს, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფრანგული პრესა მის პსჟ-დან წასვლას მინიმუმ 1 წლით გამორიცხავს.
L'Équipe-ი კი მბაპეს „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე სხვა კუთხით წერს. თუ, კილიანი ამ ნაბიჯს გადადგამს, მას რამდენიმე მნიშვნელოვან დათმობაზე მოუწევს წასვლა. მაგალითად, მისი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდება. ასევე, მას საყვარელი პოზიციის დათმბაც მოუწევს.
„რეალში“ მარცხენა ფლანგიდან ვინისიუსი უტევს და ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის თამაში გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, მბაპეს თამაში მარჯვენა ფლანგზე ან ცენტრში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.