ანჩელოტი: „ვინისიუსს ჯერ მამარდაშვილი დაესხა თავს, შემდეგ - დურო“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და „ვალენსიას“ საშინაო სტადიონზე, „მესტალიაზე“ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი ესპანეთში არსებულ რასიზმის პრობლემას შეეხო და ვინისიუს ჟუნიორზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„რასიზმის დაგმობა საკმარისი არაა. ამას დიდი ხანია ვაკეთებთ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაგვიდგამს, რათა რასიზმის პრობლემა ამოვძირკვოთ. ინგლისში შეურაცხყოფას არ გაყენებენ და ეს საკითხი დიდი ხნის წინ მოაგვარეს. ინგლისში საფეხბურთო მატჩებს პოლიცია არ ესწრება, ესპანეთში კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ომში მიდიხარ და ყველგან პოლიციის მანქანები აყენია.
ყველანი ვღელავთ იმის გამო, რაც ვინისიუსს გადახდა. კარგია, ამ საკითხს აქტიურად რომ განვიხილავთ და ბრწყინვალე შანსია, რაღაცები გავაუმჯობესოთ. ვინი დამწუხრებულია და დღეს არ უვარჯიშია, რადგან მუხლი აწუხებს. პირადად მე, ვთვლი, რომ ესპანეთი რასისტული ქვეყანა არაა, მაგრამ საფეხბურთო მოედნებზე რასიზმი არსებობს და ეს უნდა შევცვალოთ.
დატოვებს თუ არა ვინი ესპანეთს? არ მგონია, ასე მოხდეს. მას ფეხბურთი და რეალი ძალიან უყვარს. კლუბის მიმართ უდიდეს სიყვარულს გრძნობს და სურს, მადრიდში კარიერა ააწყოს. მას ვესაუბრე და იცის, რომ მარტო რეალი კი არა, მთელი მსოფლიო მხარს უჭერს. ჩვენი მტრებიც კი მის გვერდით არიან.
ვინისიუსი მსხვერპლია და ამას ვერაფერი შეცვლის. ზოგჯერ ამბობენ, რომ ვინი დამნაშავეა, რადგან გულშემატკივრების პროვოცირებას ახდენს. მოდით, ყველაფერს ნათელი მოვფინოთ და ვთქვათ, რომ ის მსხვერპლია. ისევე როგორც ქომაგები, რომლებიც ღირსეულად იქცევიან. შეურაცხყოფებზე საუბრისას მხედველობაში არ მქონდა 46 000 ადამიანი, რომლებიც მესტალიაზე იმყოფებოდნენ. კონკრეტულ ჯგუფზე ვლაპარაკობდი და იგივე ხდებოდა მალიორკასთან და ვალიადოლიდთან გამართული მატჩებისას. ჩავის ვეთანხმები. შეურაცხყოფის მიყენება ნორმალური მოვლენა ხდება, რაც არ შეიძლება.
ვინისიუსს მაიმუნი და ძაღლიშვილი უწოდეს და სხვა სახის შეურაცხყოფაც მიაყენეს. უთხრეს, რომ დედამისი მომკვდარიყო და ეს ფრაზა ყველამ ძალიან კარგად გავიგონეთ. იმედი მაქვს, ფედერაციისა და ლა ლიგის ხელმძღვანელები ზომებს მიიღებენ.
VAR-ის მიერ ნაჩვენებ კადრებს რაც შეეხება, არ ვიცი, ადგილი მანიპულაციას ჰქონდა თუ უბრალოდ ყველა კადრის ჩვენება დაავიწყდათ. ვინისიუსს ჯერ ვალენსიას მეკარე დაესხა თავს, შემდეგ - უგო დურო. როცა თავს გესხმიან, თავი უნდა დაიცვა“.
შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. მატჩის მიწურულს, ბრაზილიელსა და „ღამურების“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მსაჯმა „ვინის“ წითელი ბარათი უჩვენა. ვინისიუსის ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და VAR-ის პერსონალი დასაჯა. მათ მთავარი არბიტრისთვის არ უთქვამთ, მოვლენები ზუსტად როგორ განვითარდა და ყველა რაკურსიც არ უჩვენებიათ. შედეგად, VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.