ზაზა ფაჩულია
Aa
Aa

„სპორტსმენთა შთაგონების წყაროა“ - Forbes-ის სტატია ზაზა ფაჩულიაზე

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, Forbes-მა ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა. Forbes-მა Big Z-ის მიერ გავლილ გზაზე და იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომლითაც ფაჩულია ყოველთვის გამოირჩეოდა.

„სპორტსმენთა ოჯახში დაბადებული ზაზა ფაჩულიას ისტორია საქართველოს დედაქალაქ თბილისში იწყება. ზაზას კალათბურთი ძალიან უყვარდა და სხვა თინეიჯერების მსგავსად, NBA-ში თამაშზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნების რეალობად ქცევა ათასობით კილომეტრის გავლის, თავდაუზოგავი შრომის, ცოტა იღბლისა და შანსის გარეშე შეუძლებელია.

იმ პერიოდის საქართველოში, საკალათბურთო ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე არ იყო განვითარებული და 14 წლის ასაკში, მამის დაკარგვიდან მცირე დროის შემდეგ, ზაზა თურქეთში, დედასთან გადავიდა საცხოვრებლად და მისი მიზანი კალათბურთის თამაში იყო. ფაჩულია ისეთ გამოწვევებს შეეჩეხა, როგორებიც ახალი ენა, კულტურა და რელიგია გახლდათ. შეუპოვარი თინეიჯერი საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად დაუღალავად მუშაობდა. ძალიან ადრე დგებოდა და ცდილობდა, ყოველთვის სხვებზე მეტი ემუშავა. NBA-ში მოხვედრაზე მილიონობით ბავშვი ოცნებობს, მაგრამ მხოლოდ 450 ახერხებს. მათი 20 პროცენტია არაამერიკელი წარმომავლობის და ალბათობა მის მხარეს არ ყოფილა, თუმცა ზაზამ სვლა განაგრძო.

ფაჩულიას ოცნება ნელ-ნელა რეალობად იქცა და 19 წლის ასაკში NBA-ის გუნდისგან კონტრაქტიც მიიღო. მისმა აგენტმა იგი ორლანდოს აეროპორტში მიიყვანა, წარმატება უსურვა და იქვე მიატოვა. ზაზა აეროპორტში მარტო იდგა და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო. მას კიდევ ერთხელ მოუწია, ახალი ენის, კულტურისა და აშშ-ის საგადასახადო კოდექსის შესწავლა. როგორც წიგნში, „წარმატების ფაქტორში“ არის ნათქვამი, ზაზას ყველა თვისება აქვს, რაც წარმატებულ ადამიანს სჭირდება, რამაც შედეგი გამოიღო. მან NBA-ში 16 წელიწადი გაატარა და 1000-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჩატარებული მატჩების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი ხედვებიც შეიცვალა. ზაზამ ვარჯიშები და ყოველდღიური რუტინა შეცვალა და პირველიდან ბოლო წლამდე, მაქსიმუმს აკეთებდა, რათა პროგრესისთვის მიეღწია და თავისი თამაში იდეალურამდე აეყვანა. ზაზას მიერ ჩემპიონობამდე გავლილი გზა ტრიუმფებითაა მოფენილი, მაგრამ წარუმატებლობასაც შეხვდებით. რა თქმა უნდა, მიზნის ვერ მიღწევა არავის სიამოვნებს, მაგრამ ფაჩულიამ იცის, რომ მაქსიმუმი გააკეთა და ყველაფერი გაიღო, რის გამოც, წარუმატებლობა დიდ პრობლემას არ უქმნის. ზაზა ხვდება, წარუმატებლობის აზრი და მიზანი რა არის. ფაჩულია თავისი მატჩების ჩანაწერებს სულ უყურებდა და ყურადღებას თავის შეცდომებზე ამახვილებდა და არა კარგ თამაშზე. ყოველი გამოსწორებული შეცდომა მას პროგრესის მიღწევაში ეხმარებოდა და ის მისიაზე მყოფ ადამიანს წააგავდა.

NBA-ში ასპარეზობის პარალელურად, ფაჩულია განათლებას იღებდა და პრესტიჟულ ინსტიტუტებში სწავლობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, მას კალათბურთი არ დაუტოვებია და გოლდენ სტეიტში მუშაობს. უორიორსში მას დიდ პატივს სცემენ და ზაზა ახალგაზრდა კალათბურთელების მენტორიცაა. მისი გავლენა NBA-ის საზღვრებს სცდება. მან საქართველოში საკალათბურთო აკადემია ჩამოაყალიბა, სადაც ათასობით ბავშვს კალათბურთის სიყვარულს უზიარებს. ზაზა ფაჩულიას მიერ საქართველოდან NBA-მდე გავლილი გზა თავდაუზოგავი მუშაობის, ფოკუსის, შეუპოვრობისა და ადაპტაციის დამსახურებაა. ის პრობლემას არასდროს ნებდება და ყოველთვის გამოსავლის ძიებაშია. მისი მემკვიდრეობა და ოპტიმიზმი მსოფლიოს მასშტაბით, სპორტსმენთა თაობების შთაგონების წყაროა“, - წერს Forbes-ი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ის 2-გზის ჩემპიონია და ბეჭდები „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ ყოფნისას დაისაკუთრა. კარიერის განმავლობაში, მას „ორლანდო მეჯიქში“, „მილუოკი ბაქსში“, „ატლანტა ჰოუქსში“, „დალას მავერიქსში“ და „დეტროიტ პისტონსში“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვინისიუსის ეპიზოდი - VAR-ის ექვსივე მსაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს