ლებრონის ისტორიული მატჩი | დასავლეთ კონფერენციის მეფე დენვერია
NBA-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის პირველი მონაწილის ვინაობა ცნობილია. „დენვერ ნაგეთსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა, სერიაში 4:0 იმარჯვა და დასავლეთ კონფერენცია მოიგო.
„დენვერი“ სუპერფინალურ სერიაში პირველად გავიდა და ეს ბრწყინვალე მეორე ტაიმის დამსახურება გახლდათ. „ლეიკერსმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველი მეოთხედი 6, ხოლო მეორე მეოთხედი 9 ქულით მოიგო. „დენვერი“ თამაშში მესამე მეოთხედში დაბრუნდა, რომელშიც მეტოქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო - 36:16. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. „ლეიკერსი“ 2 ქულით აგებდა და ლებრონ ჯეიმსს ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეეძლო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მისი გუნდი 111:113 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, „მეფემ“ ისტორიული შეხვედრა ჩაატარა და 40 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ლებრონი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფში 40-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა. ამასთან, პლეიოფში ჩაგდებული ქულების რაოდენობით, მან 8000-იანი ნიშნული გადალახა. ჯეიმსის გარდა, 21 ქულითა და 14 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა, ოსტინ რივზს კი 17 ქულა ჰქონდა.
LeBron James with a historic Game 4 ????
— NBA (@NBA) May 23, 2023
40 PTS (15-25 FG)
10 REB
9 AST
He becomes the oldest player in NBA history to record 40 PTS in a Playoff game. pic.twitter.com/s1qaAyGmcF
„დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა - 30 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა. აარონ გორდონს 22 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი ჰქონდა. ჯამალ მიურეიმ 25 ქულა ჩააგდო, მაიკლ პორტერ ჯუნიორმა კი მატჩი 15 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.