„სამარცხვინოა, რომ ეს 2023 წელს ხდება“ - ჩავის მხარდაჭერა ვინისიუსს
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი „მესტალიაზე“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ბლაუგრანას“ თავკაცმა „რეალის“ ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის მისამართით გაჟღერებული რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები კატეგორიულად დაგმო და განაცხადა, რომ ასეთი რამ ყოვლად მიუღებელია.
„სამარცხვინოა, 2023 წელს ასეთი რაღაცები რომ ხდება. როცა მსგავს ვითარებას ვეჩეხებით, კლუბის ემბლემებსა და ფერებს მნიშვნელობა ეკარგებათ. აუცილებელია, დავგმოთ ის, რაც მესტალიაზე ვინისიუსს დაემართა და ჩემი აზრით, ასეთ დროს მატჩის შეწყვეტაა საჭირო.
ფეხბურთი ერთადერთი სპორტია, რომელშიც შეურაცხყოფის მიყენება მიღებულია. არ არსებობს სხვა პროფესია, რომელშიც მსგავსი რამ დაშვებულია და ლა ლიგისა და ფედერაციის პრეზიდენტებისადმი ჩემი მესიჯი სწორედ ესაა. ხალხს განათლება უნდა მივცეთ და მივახვედროთ, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება.
ჩემი აზრით, ესპანეთი ან ლა ლიგა რასისტული არაა, მაგრამ რასიზმის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა და აუცილებელია, ისინი დავგმოთ. გვეუბნებიან, რომ მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყოთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ტრიბუნებიდან გვესმის, რთულია რეაქცია არ გვქონდეს და ვინისიუსს სწორედ ეს დაემართა. ისიც ადამიანია“.
შეგახსენებთ, რომ „მესტალიას“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. „ვალენსიამ“ საკუთარი ქომაგების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეებს სამაგალითოდ დასჯის.