მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა ევროპული კლუბების სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. სტატიის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი, დევიდ ორნშტაინია, რომელმაც ყურადღება „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზეც გაამახვილა.
„ვალენსია გიორგი მამარდაშვილის მადლიერი უნდა იყოს, რეალი 1:0 რომ დაამარცხა. ღამურების წარმატება ვინისიუს ჟუნიორის მისამართით გაჟღერებულმა რასისტულმა შეურაცხყოფამ გადაფარა და ლა ლიგამ ინციდენტის გამოძიების პირობა დადო. შეხვედრის მიწურულს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა მამარდაშვილმაც მიიღო და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, თუმცა შესანიშნავი სეივებით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვალენსიასთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
21 წლის მეკარე დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს გამოიცვლის და მის პროგრესს ასტონ ვილა, ტოტენჰემი, ვილიარეალი, ატლეტიკო და პორტუ აკვირდებიან. მამარდაშვილის პრიორიტეტი ნომერ პირველი მეკარის სტატუსის მიღებაა და არ განიხილავს ვარიანტებს, სადაც სათადარიგო გოლკიპერი იქნება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა მხარეები ხვდებიან, რომ ვალენსია მას გაცილებით ნაკლების სანაცვლოდ შეელევა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას „მალიორკას“ წინააღმდეგ, 25 მაისს გამართავს.