„უდიდესი სიამაყის საფუძველია“ - რიუ ავეში ქარსელაძის დებიუტი შედგა
პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში, „პაკოშ ფერეირა“ საკუთარ კედლებში „რიუ ავეს“ დაუპირისპირდა. მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს, სტუმართა რიგებში კი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქარსელაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
„ქარსე“ მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და რენატო პენტალონი ჩაანაცვლა. 18 წლის ახალგაზრდა გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ხარიხას მოხვდა. მატჩის შემდეგ, ქარსელაძე „რიუ ავეს“ ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და საკუთარ დებიუტზე ილაპარაკა.
„ამ დიად კლუბში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება უდიდესი სიამაყის საფუძველია. რიუ ავეში 9 წელზე მეტია ვიმყოფები და მინდა, მთავარ მწვრთნელსა და კლუბის მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი სჯერათ. ცოტათი გულდაწყვეტილი ვარ, გოლი რომ ვერ გავიტანე, რადგან ჩემი ჯარიმა რომ გასულიყო, ქულისთვის ბრძოლა შეგვეძლებოდა, თუმცა თავი მაღლა უნდა ავწიოთ და საკუთარ კედლებში, ფამალიკაოსთან გასამართ მატჩში ჩემპიონატი დადებით ნოტაზე დავასრულოთ“.
ცნობისთვის, „რიუ ავეს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. მის მომდევნო მეტოქეს, „ფამალიკაოს“ რაც შეეხება, ის 43 ქულით მე-8 ადგილზეა.