არაბულმა და მიქელთაძემ ავსტრალიური კლუბები დატოვეს
ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ავსტრალიური „მაკარტური“ დატოვა, ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის თავდამსხმელმა ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში 15 მატჩში (11 სასტარტოში) 5 გოლი შეაგდო. „მაკარტური“ ბოლო ადგილზე გავიდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი კლუბს დაემშვიდობა.
ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას არაბულმა ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.
არაბულის მსგავსად კლუბს შეიცვლის ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე, რომელმაც ავსტრალიურ კლუბში მეორე სეზონი გაატარა და პირველი გაცილებით პროდუქტიული ჰქონდა. შედარებისთვის, პირველ სეზონში 24 მატჩში 13 გოლი შეაგდო, მეორე სეზონში კი 23 თამაშში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.
25 წლის მიქელთაძე გასულ წელს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა არ ათამაშა. მიქელთაძემ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო და შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე ასრულებდა (2020 წლის ერთა ლიგა).