„ბოლომდე დავიხარჯებით“ - კიტეიშვილი ჩემპიონობას უმიზნებს
ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ლიდერი „ზალცბურგი“ მეორეადგილოსან გრაცის „შტურმს“ მიიღებს. გუნდებს შორის 3-ქულიანი სხვაობაა, ჩამორჩენის მიუხედავად „შტურმი“ ჩემპიონობისთვის იბრვის, რაც მატჩის წინ „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმაც აღნიშნა.
ოთარ კიტეიშვილი:„ზალცბურგში უმაღლესი დონის თამაშს ველოდები. ჩვენი ბოლო შეხვედრები ჩაკეტილი და კონკურენტუნარიანი იყო. გრაცში გამართული შეხვედრა „ზალცბურგისთვის“ კარგად დასრულდა (0:2), ახლა კი ჩვენ მოგება გვსურს. „ზალცბურგი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტია, ბოლო სამი ტურის წინ უკეთეს პოზიციაშია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს გავიღებთ და შემდეგ ვნახავთ, როგორ დასრულდება სეზონი“.
„ზალცბურგისა“ და „შტურმის“ შეხვედრა 21 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში „შტურმმა“ „ზალცბურგი“ ავსტრიის თასზე პენალტების სერიაში დაამარცხა, თუმცა ბუნდესლიგაში გამართული ბოლო შეხვედრა „შტურმმა“ მის დღევანდელ მეტოქესთან 0:2 დათმო.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმთან“ ერთად ავსტრიის თასი მოიგო. თუ „შტურმი“ დარჩენილ შეხვედრებში „ზალცბურგთან“ კონკურენციაში გამარჯვებული გამოვა, ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მეორე ტიტულს მოიპოვებს.
27 წლის ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ტრავმების გამო ჯერ „შტურმი“ ტრამპლინად ვერ გამოიყენა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.