8-გოლიანი თრილერი გორში - ხარაიშვილისა და მუჯირის ლამაზი გოლები
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრა 4:4 დასრულდა.
თბილისის „დინამომ“ ბოლო 4 მატჩიდან 3 ვერ მოიგო, „გაგრასთან“ და „შუქურასთან“ ქულები გაიყო, „სამგურალთან“ დამარცხდა (2:1) და „თელავს“ დიდი ანგარიშით სძლია (6:1).
8-გოლიან თრილერში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ულად-ომარ იმრანისა (მესამე წუთი) და ალექსანდრე კალანდაძის (მეექვსე წუთი) 2:0-ს იგებდა, თუმცა მე-14 წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა ანგარიში შეამცირა, 29-ე წუთზე დავით მუჯირმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა, 38-ე წუთზე სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და „შუქურამ“ პირველი ტაიმი მოიგო - 2:3.
52-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა სტანდარტული ვითარებისას ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი არავის შეეხო და კარის ბადეში აღმოჩნდა, „დინამო“ დაწინაურდა - 4:3.
87-ე წუთზე დავით მუჯირმა ლამაზი თავური დარტყმით „შუქურა“ მარცხისგან იხსნა - 4:4.
24 წლის დავით მუჯირი კარგ ფორმაშია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა, თბილისის „დინამოს“ დუბლი შეუსრულა. ასევე, „დილასა“ და „საბურთალოს“ შეუგდო.
15 ტურის შემდეგ თბილისის „დინამო“ 28 ქულით მე-4 ადგილზეა, „საბურთალოს“ 1 ქულით ჩამორჩება. პირველ ადგილს ბათუმის „დინამო“ და „სამგურალი“ 32-32 ქულით იყოფენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ სამტრედიაში დაუპირისპირდება (24 მაისი, 16:30).
„შუქურამ“ 15 მატჩში 8 ქულა დააგროვა (2 გამარჯვება, 2 ფრე, 11 მარცხი). მე-16 ტურში „შუქურა“ ბათუმში ბოლოადგილოსან „სამტრედიას“ მიიღებს (24 მაისი, 16:00 საათი).