ნაპოლი
Aa
Aa

სპალეტი: „ტყუილია რომ სხვა გუნდს ვეძებ და წინადადებებს ველოდები“

სერია ა-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებს „ინტერთან“ გამარჯვების დიდი სურვილი აქვთ, რადგან სიმონე ინძაგის გუნდი ერთადერთია, რომელიც ამ სეზონში „ნაპოლიმ“ ვერ დაამარცხა.

ლუჩანო სპალეტი: „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამსახურებულად გავიდა და ასეთ გუნდს ვხვდებით, თუმცა ჩვენთვის ის უფრო დიდი მოტივაციაა, რომ „ინტერი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ სეზონში არ დაგვიმარცხებია. სეზონის დარჩენილ ნაწილში კიდევ დიდი მოტივაცია გვაქვს, „ინტერთან“ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

ლუჩანო სპალეტიმ „ინტერს“, „რომასა“ და „ფიორენტინას“ ევროპული ტურნირების ფინალში გასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი წარმატებით იტალიური ფეხბურთი სარგებლობს.

„დე ლაურენტისმა თქვა, რომ ფრთებს ვერავის დააჭრის? არ ვიცი რას გულისხმობდა, მას უნდა ჰკითხოთ. მასთან შეხვედრაზე ყველაფერი განსაზღვრულად ვთქვი. მომავალში წარმატებისთვის ფრთები კი არა ჩექმები მჭირდება, გაფრენას არ ვაპირებ“.

ლუჩანო სპალეტიმ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს სთავაზობს: „მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არ მითქვამს უარი ხელფასის მომატებაზე, ხელშეკრულებაში მსგავსი ფუნქტი არ არსებობს. სიმართლე არაა, რომ სხვა გუნდების წინადადებებს ველოდები ან სხვა გუნდს ვეძებ. ვინც ამას წერს, ტყუილს წერს“.

ლუჩანომ გასული სეზონი გაიხსენა, როცა „ნაპოლი“ სერია ა-ში მესამე ადგილზე გავიდა: „მესამე ადგილზე გასვლის გამო გვაკრიტიკებდნენ. შეგიძლიათ იმ ფეხბურთელებს ჰკითხოთ, ვინც გუნდში ჩემი მოსვლსი პერიოდში იყვნენ, თუ რას ვეუბნებოდი მათ. ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს, ჩემი დავალებები შეასრულეს. შესაძლოა, ზოგჯერ ფეხბურთელები ჩემი არჩევანის გამო დაზარალდნენ, მაგრამ მათ სიმშვიდითა და საქმისადმი ენთუაზიამით მიპასუხეს“.

„ნაპოლი“ - „ინტერის“ მატჩი 21 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები