“პანიკა იყო“ - ნაგელსმანის გაშვების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ცნობილი
მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნში“ დიდი ცვლილებები მოხდა. დაკავებული თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ტომას ტუხელი დანიშნეს.
როგორც აღმოჩნდა, მიუნხენურ გრანდში ტუხელთან დაკავშირებით ნერვიულობდნენ, რადგან გერმანელი სპეციალისტი პარალელურად „იუვენტუსთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ისაუბრა.
მათეუსი:
„ტომას ტუხელი „იუვენტუსში“ დანიშვნასთან ძალიან ახლოს იყო და ამის გამო „ბაიერნში“ პანიკა იყო. ნაგელსმანის გაშვებას ჯერ არ აპირებდნენ, რადგან მან 3 ტიტული მოიგო, მაგრამ ტურინული კლუბის ინტერესმა პროცესი დააჩქარა. სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე, რომ იულიანს უშვებდნენ გამეცინა, ხუმრობა ან ტყუილი მეგონა, მაგრამ ჯერჯერობით პირველი აპრილი არ იყო დამდგარი.“
შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანის წასვლას გუნდში პრობლემები მოყვა. „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ უშანსოდ დამარცხდა და ბუნდესლიგის მოგებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „რეკორდმაისტერი“ „დორტმუნდს“ 1 ქულით უსწრებს.
ასევე წარმოიშვა შიდა კონფლიქტი. სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში დაარტყა და ამის შემდეგ სენეგალელი ფეხბურთელი გუნდში აითვალწუნეს.